გია ჟორჟოლიანი – სააკაშვილზე: რა 2 წლით პრემიერობას აპირებს? სერიოზულად ამაზე ლაპარაკი ზედმეტად მეჩვენება

“პოლიტიკურად როგორ წარმოგიდგენიათ: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმას დაუშვებს, რომ სააკაშვილი გაიმარჯვებს და პრემიერმინისტრი გახდება? ეს სისულელეა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანი საქართველოში დაბრუნების შესახებ ექსპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„სერიოზულად ამაზე ლაპარაკი ზედმეტად მეჩვენება. რა 2 წლით პრემიერობას აპირებს? 2 თვის წინ უკრაინა უნდა აეყვავებინა, ახლა უნდა, რომ საქართველო ააყვავოს. ჩამოვალ, აქ სტაბილურობა იქნებაო, გაყალბება არ მინდაო. ამ დროს, გაყალბების წინააღმდეგ შტაბს ქმნიან გაყალბების დიდოსტატები. ისინი 31 ოქტომბერს კი არ უყურებენ, 1-ელ ნოემბერს უყურებენ. გაყალბების წინააღმდეგ შტაბი აქციების შტაბია, როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნები, ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები დაიწყებენ მცდელობას არჩევნების დელეგიტიმაციისათვის.

ასე რომ, ეს ყველაფერი პროვოკაციებია. კარგად იცით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დავანებოთ თავი იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებს, პოლიტიკურად როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას დაუშვებს, რომ საკაშვილი გაიმარჯვებს და პრემიერმინისტრი აგხდება? ეს სისულელეა, რბილად რომ ვთქვათ. ამას შეიძლება, მოჰყვეს მარტო დესტაბილიზაცია და ამისკენ გადადგმულია ყველა ეს პროვოკაციული ნაბიჯი“, – განაცხადა ჟორჟლიანმა.

ცნობისთვის, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

„ვიქნები პრემიერმინისტრი არა სრული ვადით, არამედ, მაქსიმუმ, 2 წელიწადს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები