ამირან გამყრელიძე: 8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები

8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, მე-8 და მე-12 დღეს აღნიშნულ პირებს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ.

„12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ეს არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც დადგენილია და ეკუთვნის თვითიზოლაცია, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ჩამოიწია 8 დღემდე. მე-8 დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს ისევ სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი 21 ლაბორატორიისა და დაახლოებით, 40-მდე ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში. თუ მე-12 დღესაც უარყოფითი იქნება ტესტის პასუხი, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, მუშაობა და ა.შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეები როგორც კარანტინში ყოფნას, ასევე ტესტირებას აფინანსებენ თვითონ“.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 8 დღის გასვლის შემდეგ, მე-12 დღემდე „სასურველია ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, თუ რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები