ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე ღვთისმშობლის ხატის გადმობრძანებას ელოდება – “მე არ მწყდება გული აფხაზებზე”

“ეს არის 21 საუკუნის ხატმებრძოლეობა, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი – არა მარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ – სახელისუფლებო ლიდერებიც”, – ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ენგურის ხიდზე განაცხადა.

ინაშვილი ენგურის ხიდზე მომხრეებთან ერთად იმყოფება და, მისი თქმით, ის ილორის წმ. გიორგის ტაძრიდან ხატის მობრძანებას ელოდება.

„მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილორის ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე, რადგან თავად დევნილობაში მოექცა ეს ხატი. მინდა, ერთი რამ ახლა ქართველ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ  – ჟურნალისტებს გითხრათ – გახარებულები ხართ? „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, სხვა დანარჩენები. შავი სიხარულით გიხარიათ? ხატი რომ მობრძანდება? მე გაოგნებული ვარ საერთოდ ჩვენი ე.წ. პოლიტიკური სპექტრის ქმედებით. გაოგნებული და შეძრული ვარ ხატმებრძოლეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით, რაც ხდება. ეს არის 21-ე საუკუნის ხატმებრძოლეობა, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი – არა – მარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ – სახელისუფლებო ლიდერებიც, კობახიძის შტო მთლიანად და ეს ხატის გადმობრძანება რომ ხდება საერთოდ, დიდად იშრომეს ამ ადამიანებმა, რათა ხატი გადმობრძანებულიყო, იმდენად გააფუჭეს და დააზიანეს ყველაფერი, მათი თვალსაწიერიდან ვამბობ ამას. მე თქვენ არ მომიწვევიხართ ენგურზე, როდესაც ხატს მივაბრძანებდი ილორის ტაძარში. პოლიტიკური ქულების ჩაწერა რომ მდომებოდა, აქ მოგიწვევდით, ენგურის ხიდზე და თქვენ გადაიღებდით იმ ყველაფერს მაგრამ მთელი ეს პროცესი დააზიანეს სააკაშვილ-ბოკერიებმა, მათთან მიბმულმა ენჯეო-ებმა, მათ მიერ კონტროლებადმა მედიამ თბილისში, პლის, კობახიძის ხაზმა, კობახიძის ხაზმა სუს-ში – აი, პირდაპირ ვამბობ – იმ მაღალჩინოსნებმა სუს-იდან, რომლებიც კავშირში არიან კობახიძესთან. ყველას სახელი და გვარი ვიცი, ყველას სათითაოდ გამხელთ. მინდა, ყველას ვუთხრა, ღვთისმშობელს ვერავინ მოერევა და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა ენგურის ხიდზე.

მე არ მწყდება გული აფხაზებზე, მე კიდევ ერთხელ ენგურის ხიდიდან აფხაზებს მინდა, მივმართო, ჩემო აფხაზო დებო და ძმებო, მე თქვენ მიყვარხართ. დღევანდელი ფაქტი ვერ გაგვაჩერებს ჩვენ, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს შერიგების გზაზე. ჩვენ უახლოეს ხანში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ნაბიჯები, რაც სიხარულს მოუტანს აფხაზებს, სიხარულს მოუტანს ქართველებსა და ოსებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები