ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას ძალადობრივი გზით გეგმავს? – რას აცხადებენ იურისტები

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “ძალა ერთობაშიამ” პრემიერმინისტრის პოსტზე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი დაასახელა.
რა ბედი ელის სააკაშილს იმ შემთხვევაში, თუ ის, თუნდაც პრემიერმინისტრის რანგში, გადმოკვეთს საზღვარს და სამშობლოში დაბრუნდება? ,,კვირა“ ადვოკატებს – ხათუნა გრიგალაშვილსა და გიორგი ტურაზაშვილს დაუკავშირდა.

ხათუნა გრიგალაშვილი:

-ჩამოვა სააკაშილი საქართველოში?
-ჩამოვა და დაიჭერენ, მარტივად, პირდაპირ საზღვარზე. კონსტიტუცია სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

-ამდეჯარ რომელ საკონსტიტუციო ნორმას დაარღვევს ექსპრეზიდენტი?

-სასამართლოს განაჩენი სამართლებრივ ძალაშია შესული, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულებებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა. ის რომ ამ დროს საქართველოში, სასამართლოს დარბაზში მჯდარიყო, დარბაზიდანვე აიყვანდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საკუთარ პროცესს არ ესწრებოდა, სამართლებრივად ეს არაფერს ცვლის. კონსტიტუცია კი გვეუბნება, რომ სასამართლო განაჩენი უნდა აღსრულდეს.

-თუ სააკაშვილს პოლიტდევნილის სტატუსს მიანიჭებენ?

-პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის შესახებ კანონი პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბერს მიიღო.

-თუმცა, მაშინ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო…

-კი ბატონო. მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ 2 წლის შემდეგ მიიღო, თუმცა, მის თანაპარტიელებს აქამდეც შეეძლოთ შეეტანათ პარლამენტში სააკაშვილის, როგორც პოლიტდევნილის საკითხი, პარლამენტს განეხილა და მიენიჭებინა მისთვის პოლიტდევნილის სტატუსი. გააკეთა ეს მისმა რომელიმე  თანაპარტიელმა? არა!

-ეგებ იმიტომ, რომ ისინი უმცირესობაში იყვნენ და საკითხის დაყენებასაც არ ჰქონდა აზრი?

-მაშინ სტრასბურგში უნდა გაესაჩივრებინათ. თუ საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვას აზრი არ ჰქონდა, ამას სტრასბურგი იტყოდა და შესაბამის გადაწყვეტილებასაც დააყენებდა ისე, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოში დაკავებაზე მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვა. თუმცა, სააკაშვილის გუნდს არც სტრასბურგში წარუდგენია რაიმე იურიდიული დოკუმენტაცია.

-სააკაშვილის დღევანდელი კომენტარი, რომ ის საქართველო დაბრუნდება, მხოლოდ პოპულისტურია?

-მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებს მხოლოდ თავისიანების გასამხნევებლად აკეთებს. კარგად იცის, რომ საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ, მას კი ციხეში ჩაჯდომა არამც და არამც არ სურს.

-შესაძლებელია, მსჯავრდებული სააკაშილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს?

-შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში.

გიორგი ტურაზაშვილი:

-სააკაშილი დღემდე ძებნილია, ძებნილ ადამიანს კი საზღვრის კვეთის მცდელობისთანავე აპატიმრებენ. ასეა ყველა ქვეყანაში. დაკავების შემდეგ სააკაშვილს შეასახლებენ პენიტენციალურ დაწესებულებაში იმ მუხლით, რა მუხლითაც მიუსაჯა სასამართლომ.

-შესაძლოა, სააკაშილმა გააპროტესტოს ფაქტი, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვოს პროცესის თავიდან დაწყება?

-სააკაშვილს ჰყავდა ადვოკატი, რომელიც მისი არყოფნის დროს ესწრებოდა სასამართლო პროცესს. რომც არ ჰყოლოდა პირადი ადვოკატი, სასამართლო მას დაუნიშნავდა სახაზინო ადვოკატს და სასამართლოს განაჩენი ჩაბარდებოდა მის წარმომადგენელს, რომელიც გადასცემდა საკუთარ კლიენტს ამ სამართლებრივ დოკუმენტს. სხვათა შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ კანონი თავად სააკაშილის ხელისუფლებისდროინდელია და მას პრეზიდენტმა პირადად მოაწერა ხელი.

-იმ შემთხვევაში, თუკი ,,ნაციონალური ხელისუფლება,, უმრავლესობით მოვა საქართველოს პარლამენტში და შეცვლის კანონს სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის, ექსპრეზიდენტს მაინც მოუწევს ციხეში ჯდომა?

-კანონის შეცვლას მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდება. ჯერ ის უნდა დაიწეროს, შემდეგ სამი მოსმენით გავიდეს პარლამენტში და ხელი მოაწეროს პრემიერმინისტრმა. თუ ამ პერიოდზე ადრე ჩამოვიდა ბატონი მიხეილი სამშობლოში, მას მაინც მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. ეს გარდაუვალია.

-ექსპრეზიდენტმა ერთერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, თუ საზღვარზე ბევრი ადამიანი დამხვდება, ჩამოვალო…

-რისკიანი ადამიანია ჩვენი პრეზიდენტი, თუ გახსოვთ, ამავე მეთოდით პოლონეთის საზღვარი გადაჭრა და უკრაინაში ძალით გადავიდა, სადაც ასობით მომხრე სწორედ საზღვართან ელოდებოდა. მაშინ სახურავ-სახურავ დაძვრებოდა, უკრაინის პოლიციამ ის დააკავა, მაგრამ მალევე გამოუშვა ჩემთვის გაურკვეველი იურიდიული ნორმით. სახურავზე დაპატიმრებული სააკაშვილი რამდენიმე თვეში ხარკოვის გუბერნატორი გახდა. თუმცა ეს იყო უკრაინაში, არა მგონია, იგივე გაბედოს საქართველოშიც. ის სასჯელისგან თავის დაძვრენას ვერ მოახერხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები