გია ვოლსკი: თუ სააკაშვილი ჩამოვა, რასაკვირველია, დააკავებენ
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, მას დააკავებენ.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილს გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს.
“მე ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ამ ერთიანობასთან დაკავშირებით, ამ არეულ, აფორიაქებულ ფაცი-ფუცთან. ვხედავ, რომ ადამიანი, რომელმაც ზუსტად 10-ჯერ გამოაცხადა, რომ ჩამოდის საქართველოში ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვითა და ხან ხმელეთით, კიდევ ერთხელ ცდის ბედს და საზოგადოებამ უნდა დაივიწყოს მისი სადისტური მმართველობა. რომელ ეკონომიკურ აღორძინებაზეა საუბარი, ან ახლა რა კრიზისზეა საუბარი, გარდა იმისა, რაც მთელს მსოფლიოში ხდება. ძლივს სამუშაო ადგილები შეიქმნა და ბიზნესმა აღორძინება დაიწყო, ძლივს სოფელმა სული მოითქვა. რასაკვირველია, დააკავებენ. იმდენად თვალსაჩინოა ის ბრალდებები და იმ ბრალდებების საფუძველი, რომ სადავოც არაფერია. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილმა მოაწყო ის, რაც გირგვლიანის თემას შეეხება. ზუსტად ვიცით, რომ ერთერთი დეპუტატი, პრაქტიკულად, მოკლეს, შემთხვევით გადარჩა. უამრავი ხალხია ვინც ამას ხედავდა წლების განმავლობაში. ქვეყანა სტაბილურობის გზას დაადგა, ოპოზიციის ნაწილისა და სააკაშვილის მიზანი კი სწორედ დესტრუქციის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. დედა აგინეს საქართველოსა და ქართველებს ადამიანებმა, რომლებიც ცდილობენ, რომ ისევ დაითრიონ მმართველობის რგოლი ხელში და იმედი აქვთ, რომ საზოგადოება ამას მხარს დაუჭერს.
როგორც იქნა, სახელმწიფო სტაბილურობის გზაზე დადგა და სააკაშვილი პირდაპირ ამ სტაბილურობას ურტყამს, არავითარი პერსპექტივა მას გამარჯვებისა არ გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.