ლიბანის პრეზიდენტი ისრაელს ერთთვიან ზავს სთავაზობს
ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა ისრაელს ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა და ამ ვადაში შიიტური დაჯგუფება “ჰეზბოლას” განიარაღებას დაჰპირდა.
ამის შესახებ არაბული გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, რესპუბლიკის მეთაურმა თავისი სამშვიდობო წინადადება ისრაელის მხარეს ლიბანში აშშ-ის ელჩის, მაიკლ ისას მეშვეობით გადასცა.
აუნმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, რათა ლიბანის არმიამ ყველა უკანონო პარამილიტარული დაჯგუფების განიარაღების შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის შესრულება შეძლოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება სამხედრო პირობებში შეუძლებელია.
9 მარტს ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომების შესამუშავებლად, მზადაა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც აგრესიისა და ოკუპაციის დასრულებას გამოიწვევს.
მან აღნიშნა, რომ “ჰეზბოლამ” ლიბანი რეგიონულ კონფლიქტში ჩაითრია, უგულებელყო მისი მოქალაქეების უმრავლესობის ნება, რომლებიც ომებითა და მათი შედეგებით დაიღალნენ.