გიორგი ლომია – აფხაზების მიერ ხატის ენგურთან დატოვებაზე: ხატი დევნილობაში იქნება და აუცილებლად დაბრუნდება ისევ ილორის მონასტერში

„პატრიოტთა ალიანსის” ერთერთი ლიდერი, გიორგი ლომია აცხადებს, რომ მისი და ირმა ინაშვილის მიერ აფხაზეთში ჩატანილი ხატი ილორის მონასტერში ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება. ამის შესახებ ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლომია აფხაზი აქტივისტების მიერ ენგურის ხიდთან იმ ხატის მიტანას გამოეხმაურა, რომელიც მან და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ილორის ტაძარში ჩაიტანეს.
„რაც შეეხება განცხადებას, რომ ნაბეჭდი მასალაა – ეს ასე არ ითქმის. ეს არის ბერძნული მეთოდით დამზადებული. მეორეც, ათონის მონასტრის არქიმანდრიტმა პირდაპირ თქვა, რომ არ შეიძლება ხატის შეფასება იმის მიხედვით, ის ნაბეჭდია, დაწერილია თუ ა.შ. ხატი ხატია. რაც შეეხება მეთოდს – მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს კანონიკურია.
ხატი უკვე მესამე დღეა, გამყოფ ხაზზე იმყოფება – ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, ეს არის ის, რომ თუ ხატი იქნება დაბრუნებული, მას დაერქმევა ,,დევნილობის ხატი”, ანუ დევნილობაში იქნება ეს ხატი და ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება ისევ ილორის მონასტერში, ხატთან ერთად დაბრუნდებიან დევნილებიც“, – განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ ილორის მონასტერში ჩატანილი ხატი აფხაზმა აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდთან, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს და დაასაწყობეს.

მათი თქმით, პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ნივთი დაიბრუნონ. ასევე, აცხადებენ, რომ ეს არ არის კანონიკური წესების დაცვით შესრულებული ხატი და ის ნაბეჭდი მასალაა.
შეგახსენებთ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები – ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოში იმყოფებოდნენ. ინაშვილმა ვიზიტის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
„2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი. მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ”, – დაწერა ინაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები