“უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ – ისე, როგორც ექიმები უწევენ რეკომენდაციას”

“უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ – ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცებისა და ბავშვების ჯანმრთელობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც, რა თქმა უნდა, მიღწევაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ ეს რეიტინგი დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ეპიდემიოლოგებს აქვთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ: ბათუმში, თბილისში თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ – ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცებისა და ბავშვების ჯანმრთელობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ ეკონომიკის გახსნის ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით როგორც საერთაშორისო ფრენების, ასევე – შიგა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უნდა გვახსოვდეს, რომ, ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დაიწყება კლასებში და ბავშვები სრულად 15 სექტემბრიდან ივლიან სკოლაში. ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

ამიტომ შესაბამის სამინისტროებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რაც საკანონმდებლო დონეზეა დაწესებული. პირველ ყოვლისა, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები