სვეტლანა ტიხანოვსკაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს
ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ თავს “ეროვნულად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს”.
“მაგრამ ამ პოზიციაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვიცი, ხალხმა ხმა მომცა, მაგრამ ხმა არა როგორც პრეზიდენტს მომცეს, არამედ – ადამიანს, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე მიიყვანს”, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ Politico-სთან საუბარში.
მისი თქმით, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს.
“არ მაქვს მასში მონაწილეობის უფლება, რადგან ჩემს ხალხს დავპირდი, რომ ამას არ ვიზამდი. ჩემი მისია მაშინ დასრულდება, როდესაც ამ არჩევნების ორგანიზებას შევძლებთ”, – განმარტა ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა.
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელორუსი 10 აგვისტოს დატოვა და ამჟამად ის ლიეტუვაში იმყოფება.
ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცესკო-ს მონაცემით ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი მიიღო, თუმცა ქვეყანაში ამ შედეგს საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.