იოსებ არჩვაძე: S&P- ის ანგარიში წარმოადგენს საკმაოდ დამაიმედებელ, პოზიტიურ გზავნილს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებისათვის, არამედ – ქართული ბიზნესის, მოსახლეობისა და მოქმედი თუ პოტენციური ინვესტორებისათვის
„S&P- ის ანგარიში წარმოადგენს საკმაოდ დამაიმედებელ, პოზიტიურ გზავნილს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებისათვის, არამედ ქართული ბიზნესის, მოსახლეობისა და მოქმედი თუ პოტენციური ინვესტორებისათვის”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე თავის ფეისბუქ გვერდზე S&P – ის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვების შესახებ.
„S&P (Standard & Poor’s) ერთერთია იმ მსხვილი სარეიტინგო კომპანიებიდან, რომელთა შეფასებას, რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კორპორაციებიც და სახელმწიფოებიც. სარეიტინგო კომპანიას მხედველობის მიღმა არ დარჩენია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები: საგარეო ვალდებულებები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის პერსპექტივა, დოლარიზაციის მაღალი დონე, გეოპოლიტიკური ვითარება, თუმცა იქვე პოზიტიურადაა შეფასებული მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება და ეკონომიკის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ბოლო წლებში განხორციელებული სისტემური რეფორმები (საპენსიო, დეპოზიტების დაზღვევის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ა.შ.)”, – წერს იოსებ არჩვაძე.
სოსო არჩვაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ, ფაქტობრივად გაიმეორა სულ რამდენიმე დღის წინ მეორე სარეიტინგო კომპანიის Fitch-მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და კორონავირუსის პანდემიის მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, BB დონეზე (რაც უკვე მეორე წელია, ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებელია – წინა წლების BB-ს ნაცვლად), პერსპექტივა უცვლელი, სტაბილურ დონეზე დატოვა.
„ხსენებული შეფასებით, S&P საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს უსვამს ხაზს და მას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად მიიჩნევს. ამასთან, ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის ნომენკლატურისა და გეოგრაფიის დივერსიფიცირების, ინვესტიციების მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არა თუ პროგნოზის სტაბილურობიდან პოზიტიურში გადაყვანა, არამედ თავად რეიტინგის გაუმჯობესებაც, რაც საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციებისათვის”, – აღნიშნულია ფეისბუქ-პოსტში.
მისი თქმით, მთლიანობაში, S&P-ის მიერ შეფასება არა მარტო ობიექტურად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო-საბანკო სექტორის მდგომარეობას, არამედ იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას და ეს გარემოება იმ დროს, როდესაც გლობალური პანდემია ჯერ არ დასრულებულა, წარმოადგენს საკმაოდ დამაიმედებელ, პოზიტიურ გზავნილს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებისათვის, არამედ ქართული ბიზნესის, მოსახლეობისა და მოქმედი თუ პოტენციური ინვესტორებისათვის.