“ისტორიულ სინამდვილეზე აგებული ფილმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არსებითი და შედეგიანი ნაბიჯი” – რუსუდან თევზაძე „ცხინვალი 1920 – ის“ შესახებ
“ისტორიულ სინამდვილეზე აგებული ფილმი, რომელიც რეალობას ობიექტურად ასახავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, არსებითი და შედეგიანი ნაბიჯი”, – ასე აფასებს დოკუმენტური ფილმის, “ცხინვალი 1920-ის” მნიშვნელობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე და ფილმის არა მხოლოდ ანტიპროპაგანდისტულ, არამედ საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე საუბრობს.
“რუსეთის მიერ ისტორიის გაყალბების მცდელობები სიახლეს არავისთვის წარმოადგენს – ეს არის მოცემულობა, რომელიც მათ ახასიათებდათ, ახასიათებთ და ასევე დარჩება მანამ, სანამ არ შეიცვლება რუსეთის განვითარების ვექტორი, რაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ხელისუფლების ცვლილების გარეშე.
რუსული სცენარი სხვადასხვა დროსა და სივრცეში, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა, რომელშიც მხოლოდ მონაწილეები იცვლებიან, ფუნდამენტი კი იგივე რჩება – ასე ინარჩუნებს რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარ პოზიციას. თუმცა, აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და მის მოსახლეობას ერთ მთლიანობად არ და ვერ მოვიაზრებ. შეცდომად მიმაჩნია, რუსი ხალხისა და იმ ხელისუფალის, რომელიც თავის ხალხს ამგვარ სახელმწიფო გზაზე ატარებს, ერთ მთლიანობად წარმოსახვა.
რაც შეეხება დეზინფორმაციის გავლენას საზოგადოებაზე, აქ ზოგადად სიტყვის ძალა უნდა აღვნიშნოთ – რაც უნდა ტყუილი იყოს ამბავი, რასაც ხედავ, წერ, კითხულობ – მაინც ილექება ცნობიერებაში. საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქვს იმის უნარი, განასხვაოს სიყალბე რეალობისაგან, სხვები კი, როგორც წესი, უპირობოდ იღებენ ინფორმაციას და მისი გავლენის ქვეშ ექცევიან, რაც თავისთავად გარკვეულ ნეგატიურ ფონს ქმნის განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. შედარებით ასაკოვან თაობას აქვს საკუთარი გამოცდილება, როგორი იყო რუსული მმართველობა და ცხოვრება საბჭოეთში. საკუთარ თავზე გამოსცადა ბევრმა რუსული აგრესიული პოლიტიკის სიმძაფრე, შესაბამისად, ამ თაობებში სხვა განწყობები არსებობს, ახალგაზრდები კი,ამ მხრივ,სუფთა ფურცლები არიან და შეიძლება ითქვას, ყველაზე მოწყვლადებიც პროპაგანდისათვის. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუმცა სავარაუდოა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები ახალგაზრდებს არ აძლევს საკმარის ინფორმაციას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის დაუმახინჯებელი და ობიექტურად გადმოცემული ფაქტების მიწოდება, რათა შემდგომში ფაქტებისა და მოვლენების სწორი ანალიზი გააკეთონ.
ჩვენი მხრივ, დეზინფორმაციის პასუხად მხოლოდ ისტორიული წარსულის ობიექტურად, დოკუმენტურად გადმოცემა მიმაჩნია. სასურველია, უფრო ხშირად და ინტენსიურად მივაწოდოთ საზოგადობას ფაქტები ისტორიული წარსულიდან, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანს – არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მთელ დასავლურ სამყაროს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია წარსულში მომხდარი თუ დღეს არსებული მოვლენების შესახებ, რაც მთავარია, ობიექტურად და დაუმახინჯებლად.
ვფიქრობ, დოკუმენტური ფილმი – “ცხინვალი 1920″ ჩემ მიერ ზემოაღნიშნულ ფუნქციასთან ერთად, საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეითავსებს. პედაგოგიკა აქტიურად იყენებს ალტერნატიული წყაროებით შემეცნების მეთოდს, მით უფრო, რომ კონკრეტული ისტორიული მოვლენის ვიზუალიზაცია ყოველთვის უკეთ აღქმადი და დასამახსოვრებელია მოსწავლისათვის.
შესაბამისად, ვფიქრობ, ფილმს პედაგოგიურ საქმიანობაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა. ისტორიულ სინამდვილეზე აგებული ფილმი, რომელიც რეალობას ობიექტურად ასახავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, არსებითი და შედეგიანი ნაბიჯი”,- ამბობს განათლების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე.