გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი – ადვოკატებს საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე უარი ეთქვათ, ვინაიდან ეს გარემოება საქმის გაჭიანურებას ემსახურება
ადვოკატებს საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე უარი ეთქვათ, ვინაიდან ეს გარემოება საქმის გაჭიანურებას ემსახურება, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს.
„ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს რაიმე ახალი გარემოება, მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახლადგამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ. თუ არ იქნება ახალი გარემოება, არც გირაოს დავეთანხმებით და არც სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეს. გირაოს თანხის გაზრდა არ ემსახურება პროცესის მიზნებს.
ადვოკატებს უარი ეთქვათ ცალკე წარმოებად საქმის გამოყოფაზე. ამ ეტაპზე ეს გარემოება ემსახურება საქმის გაჭიანურებას და დღეის მდგომარეობით, არარელევანტურია. თუ საქმე გამოიყოფა, ეს პიროვნებები ისევ პატიმრობაში დარჩებიან,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
ცნობითვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. აღნიშნულ პროცესზე დაკავებული 11 პირისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.