ვახტანგ ჭარაია: სახელმწიფო უფრო შორს წავიდა ვიდრე UNICEF-ის რეკომენდაცია იყო და 50-ლარიანი დახმარების მაგივრად 200-ლარიან დახმარებას ახორციელებს, რაც უფრო მისასალმებელია

“რეკომენდირებული იყო UNICEF-ის მხრიდან 50 ლარიანი მხარდაჭერის აღმოჩენა ყველა ბავშვზე იმისთვის, რომ ბავშვებს სიღარიბის საკითხი არ დადგომოდათ Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უფრო შორს წავიდა ვიდრე UNICEF-ის რეკომენდაცია იყო და 50 ლარიანი დახმარების მაგივრად 200 ლარიან დახმარებას ახორციელებს, რაც უფრო მისასალმებელია, რა თქმა უნდა”, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
“ეს გამოიწვევს უფრო მეტ სოციალურ თანასწორობას ბავშვებში ნაკლებ პრობლემებს და მთლიანობაში აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ზოგიერთი ოჯახისთვის არ იყოს ეს დახმარება საერთოდ საჭიროც კი, მაგრამ მოსახლეობის და ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს დახმარება სჭირდება და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფომ ეს ნაბიჯი გადადგა, გამოყო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები და მხარს უჭერს ბავშვების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ყველანაირად.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ წარმატებით მართა Covid-19, შედეგიც შესაბამისად უფრო უკეთესი გვაქვს, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ეს ვერ განხორციელდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ თუნდაც განვითარებული ქვეყნებიც, რომლებსაც პანდემიის გამო უარესი ეკონომიკური შედეგები ექნებათ, ვიდრე საქართველოს. აღნიშნული კვლევაც ხაზს უსვამს, რომ თუ საქართველო შეძლებს, შეინარჩუნოს მართვის ეს მიღწეული შედეგები მომდევნო თვეებშიც, მაშინ წელსაც და მომავალ წელსაც უკეთესი შედეგები გვექნება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანას. სწორედ, ამას უსვამს ხაზს კვლევა და ჩემი აზრითაც ასე უნდა განხორციელდეს ნაბიჯების გადადგმა, არ უნდა ვიჩქაროთ. საქართველომ არ უნდა გახსნას საზღვრები ერთბაშად ყველასთან, რადგან ვინც ასე გააკეთა ბევრად უარესი შედეგი მიიღო, ვიდრე იმათ, ვინც თადარიგი დაიჭირა და ეტაპობრივად ხსნიან საზღვრებს, ან ნაბიჯ-ნაბიჯ გამართულად ახორციელებენ ამ ქმედებებს. კვლევას მე პირადად პოზიტიურად შევაფასებ, რეალისტურია, არ არის არც ზედმეტად ოპტიმისტური და არც ზედმეტად პესიმისტური, ობიექტურია, მიუყვება ლოგიკურ ჯაჭვს და ის შედეგები, რომლებიც ნაჩვენებია, საკმაოდ ადეკვატურად ასახავს საქართველოსა და მსოფლიოს რეალობას და ჩვენს ადგილსაც მსოფლიოში,” – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები