ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიცია ხელისუფლების მიერ 17 წლამდე ბავშვების დახმარებას წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს, UNICEF კი, ამას პოზიტიურად ეხმაურება

“მაშინ როცა არასერიოზულად რადიკალური, ან თუ გნებავთ, რადიკალურად არასერიოზული ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ანონსირებულ 17 წლამდე ბავშვების დახმარებას წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს, თან ამ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევს, ისეთი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც Unicef-ია ამ ქმედებას პოზიტიურად ეხმაურება”,-ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, Unicef –ის კვლევით დადგინდა, რომ 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.
“ამასთან, ხაზგასასმელია, რომ თავად Unicef-ის კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავაზებული იყო 50 ლარიანი დახმარების გაცემა ბავშვებისათვის, რაც იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით.
შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 4-ჯერ მეტი, 200 ლარიანი დახმარება, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვნად ზრდის ამ ეფექტს.
ბუნებრივია, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ოჯახების შემოსავლები შემცირდება, თუმცა ამ კვლევით დადგინდა, რომ მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.
მძიმე სიტუაციია ჩვენს გარშემო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაანგარიშების თანახმად, პანდემიის გამო მოსალოდნელია მსოფლიოში 195 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა გ აეროს გამოთვლებით კი, შესაძლოა დაახლოებით 42-66 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში. ამ ფონზე, ცალსახაა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები არის უპრეცედენტოდ ეფექტიანი სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამას ადასტურებს თავად ამ კვლევის შედეგებიც”,-წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები