„ვაზის ცრემლებით შუშა ავავსე და ხატვისას წყლის ნაცვლად გამოვიყენე“…

გალის რაიონის ნაბაკევის საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. წელსვე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის აკულტეტის სტუდენტი გახდა.
ამბობს, რომ 3 წლის ასაკში  შექმნა პირველი ნახატი. მას შემდეგ ფუნჯი და საღებავები მისი თანამდევია. შთაგონების წყარო კი კონკრეტული  ადამიანები და გარემოა.
აკადემიაში ჩაბარებით მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ახლა კი პერსონალური გამოფენის გამართვაზეც ფიქრობს. – მხატვარ ილია გამსახურდიას პერსონა.

 ნაბაკევის N13 საჯარო სკოლა დაამთავრეთ. პირველი ნახატები…
– ძალიან კარგ და მზრუნველ, ადათ-წესების დამცველ ოჯახში ვიზრდებოდი. არ მქონდა ფერადი ბავშვობა; არ ვიყავი დაინტერესებული იმით, რაც ჩემი თაობის ბავშვებს აინტერესებდათ. ოდითგანვე განსხვავებული აზრი და ქცევები მახლდა. ბავშვობიდან ჩემთვის დასამახსოვრებელი ბევრი რამ არის, თუმცა ეს დაუვიწყარი და მნიშვნელოვანია: სამი წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავხატე.
მახსოვს, მზიანი დღე იყო. ხის ჩრდილქვეშ ვისვენებდი. უცბად ჩემს სახლს ჯავშანტექნიკამ გაუარა. მისმა ხმამ შემაკრთო. იმ წუთშივე ჩემს დას ქაღალდი გამოვართვი და ჯავშანტექნიკა დავხატე.
ჩემთვის სკოლის პერიოდი საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო.  იქ ბევრი რამ ვისწავლე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ გავიჩინე პირველად მეგობრები და იქ გავხდი ტრფიალით შეპყრობილი. ჩემს სკოლაში უამრავი ღირსეული და დიდებული ადამიანი აღიზარდა…
  რაზეა დამოკიდებული შთაგონება?
– ძირითადად,  შთამაგონებს კონკრეტული ადამიანი და გარემო.
ერთი ნახატი  ვაზის ცრემლებით დახატეთ

ვაზის ცრემლებით დახატული პორტრეტი

– ხშირად დარდი შემბოჭავს ხოლმე. ყოფილა პერიოდი, როდესაც რამდენიმე კვირა ოთახიდან არ გავსულვარ. ასეთ ყოფაში ჩემში დიდ სიმძიმეს ვგრძნობ, რისგანაც უნდა დავიცალო.
სახლში ყოფნისას, ერთხელ ვაზის ტირილი დავინახე, პატარა შუშა ავავსე მისი ცრემლებით და ხატვისას წყლის ნაცვლად გამოვიყენე. ის პორტრეტი ჩემს სულიერ მდგომარეობას ასახავს. ჩემს სახელოსნოში ის ნახატი სხვა ნახატების გვერდით არაა, რადგან გამუდმებით მისი ცქერა არ შემიძლია.
და ვისი პორტრეტი დახატეთ?
– კონკრეტულად არავისი, ეს წარმოსახვა იყო!
 მაინცდამაინც მამაკაცის სახე დაიხატა, და არა, ვთქვათ, ქალის, თუმცა ქალის პორტრეტებიც გაქვთ
– ქალი სამოსით და უსამოსოდაც ბევრჯერ დამიხატავს. შემოსილ ქალს სხვა მნიშვნელობა აქვს ჩემს ნახატებში, შიშველს კი – სხვა!
ქალის სულში გამოძერწილი სინაზეა ხშირად დასამაბი მშვენიერება მამაკაცისთვის.
მე, როგორც ახალგაზრდა მამაკაცი და ზოგჯერ თავნება შემოქმედი, დიდ პატივს ვცემ ქალს. იგი ბევრჯერ ყოფილა ჩემი შთაგონების წყარო.
როგორ დახატეთ ქვრივი?

„ქვრივი“

–  რაც შეეხება ქვრივს, მოგახსენებთ, რომ მუდამ ხალისიან და პოლიქრომიულ ნახატებს ვერ დავხატავ.
დააკვირდით შექმნილს, ამ ნახატის ისტორია ტრაგიკულია: ამ ქალს გარდაეცვალა მეუღლე. გლოვობს. ქვრივი შავად შევმოსე. თუმცა გარემო თბილ ფერებში შევასრულე. ამით იმის თქმა მსურდა, რომ სიყვარულს სიკვდილი ვერაფერს დააკლებს, თუ ეს გრძნობა ჭეშმარიტია!
მე რომ ნახატის ფონი „ცივ ფერებში“ შემესრულებინა, ეს უბრალოდ „ცივი ნახატი“ იქნებოდა, იმედის გარეშე. ქვრივის განწყობას ქვრივის ტანსაცმელი გვიხატავს. თუმცა რაღაც იმედის პატარა ნაპერწკალი, სიყვარულის მარადიულობა იმ ფონით ავსახე.
ქრისტიანებს გვჯერა, რომ ეს ცხოვრება წარმავალია და, დღეს თუ ხვალ, დავტოვებთ აქაურობას. ამ ცხოვრებაში შეიძლება დავკარგოთ საყვარელი ადამიანები, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ოდესმე შევხვდებით!
ის ქვრივი ახლა წუხს, თუმცა მეორე ნახევარს ერთ დროს მაინც შეხვდება! ქვრივის წუხილი შავი სამოსით განვიცადე, მომავლის იმედი კი – ნათელი ფერით!
ფიროსმანს გადარებენ
– ეს ბევრს უთქვამს ჩემთვის. ფიროსმანი  დიდი გენიოსი მხატვარი იყო. ამ შემთხვევაში მეტად თავმდაბალი ვიქნებოდი. ხალხი ალბათ ჩემი ნახატების სტილს ამსგავსებს, მე ვერაფერს გეტყვით… ყველა მხატვარი თავისებურად ხატავს.
პირველკურსელი ხართ. რა განცდა გაქვთ?
– მოხარული ვარ, თბილისის სამხატვრო აკადემიასთან დიდ მხატვრებს ჰქონიათ შეხება. ჩემთვის ეს დიდი პატივი და ბედნიერებაა!
ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. გამოფენას ხომ არ აპირებთ?
– გამოფენის მოწყობას წლების წინ ვაპირებდი, თუმცა რეალური მიზეზების გამო გადაიდო. ახლა ისევ ვფიქრობ გამოფენაზე.
– კიდევ რას დაამატებდით ზემოთქმულს?
– სული ღმერთს, გული – სატრფოს, გონება – ქვეყანას, მე – შემოქმედებას!

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები