კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მემორანდუმს მოაწერენ ხელს

        4 თებერვალს, 11:30 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ტასოს მიცოპულოსი კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმით გათვალისწინებულია: ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტეგნოლოგიის გამოცდილების გაზიარება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების გაზიარება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ლაბორატორიული კვლევისა და ანალიზის საქმიანობის გამოცდილების გაზიარება, ძეგლებზე საკონსერვაციო სამუშაოებისათვის კველევითი და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილების გაზიარება, მხარეებს შორის შეთანხმებულ ძეგლზე, კვლევა-პროექტირებისა და ფიზიკური სამუშაოების განხორციელებაში ერთობლივი მონაწილეობის მიღება, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ერთობლივი ღონისძიებების (გამოფენები, სიმპოზიუმები, გამოცემები და ა.შ.) დაგეგმვა და განხორციელება, ინფორმაციის გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გამართული სიმპოზიუმების, შეხვედრებისა და კონფერენციების შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ალეკოს მიხაილიდისი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი სერგო კალაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული კვიპროსში დავით ბახტაძე, საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კვიპროსში ზურაბ ბექაია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები და წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ვიზიტის ფარგლებში, 4 თებერვალს, 13:00 საათზე, კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია II-ეს ეწვევა. 14 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვედრას გამართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან მერაბ ბოჭოიძესთან. 17:00 საათზე კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები