მიხეილ ჩხენკელმა მერაბ ბაზაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს – მერაბ ბაზაძეს, სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება – სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

სპორტის რაინდის წოდებით და შესაბამისი მედლით, მერაბ ბაზაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – მიხეილ ჩხენკელმა 18 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე, ოლიმპიური ჩემპიონის – ნუგზარ ასათიანის სახელობის ახლადგარემონტებულ ფარიკაობის დარბაზში დააჯილდოვა.

სპორტის რაინდის წოდება მერაბ ბაზაძეს, საქართველოში ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია დღევანდელ დღეს, თქვენთან ერთად სპორტის რაინდის წოდებით დავაჯილდოვო მერაბ ბაზაძე. ბატონ მერაბს მართლაც რომ განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფარიკაობის განვითარების საქმეში, წლების წინ როგორც წარმატებულ მოფარიკავეს, შემდგომ წლებში კი როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და არაერთი წარმატებული სპორტსმენის გამზრდელს, დღეს კი უკვე როგორც ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელს. სიმბოლურია, რომ ბატონ მერაბს სპორტის რაინდის წოდება ფარიკაობის ახლადგარემონტებულ დარბაზში მიენიჭა, დარბაზში, რომელიც ლეგენდარული ქართველი მოფარიკავის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის – ნუგზარ ასათიანის სახელს ატარებს. ნუგზარ ასათიანი ოლიმპიური ჩემპიონი 1964 წელს ტოკიოში გახდა და იმედი გვაქვს, რომ 2021 წლისთვის გადადებული ოლიმპიური თამაშები, რომლის მასპინძელი ასევე ტოკიოა, წარმატებული იქნება ჩვენი მოფარიკავეებისთვის. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი გამარჯვებები გელით, მით უმეტეს იმ დიდი ტრადიციების, ჩვენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების გათვალისწინებით, რომლითაც ქართული ფარიკაობა ათეულობით წლების მანძილზე იწონებს თავს”,- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან, ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან მოფარიკავეებთან ერთად, სრულად რეაბილიტირებული ფარიკაობის დარბაზი დაათვალიერა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ფარიკაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა და კეთილმოეწყო სავარჯიშო სივრცე, გარემონტდა გასახდელები და საშხაპეები, დარბაზის გარე ფასადი კი ოლიმპიური სიმბოლიკითა და „ოლიმპიელი მუშკეტერების“ მემორიალით გაფორმდა.

ფარიკაობის ფედერაციამ სამინისტროს დახმარებით ასევე ახალი ინვენტარი მიიღო, რომელიც ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის აჭარისა და გურიის, ასევე ქუთაისისა და ზესტაფონის ფარიკაობის სკოლებს გადაეცათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები