არის თუ არა რისკის შემცველი რუსული ვაქცინის გამოყენება – რას აცხადებენ დასავლელი მეცნიერები

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ გამალაის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მისი წარმოება უკვე ორ კვირაში დაიწყება, დასავლელი მეცნიერები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სარისკოა მასობრივი აცრის დაწყება იქამდე, სანამ პრეპარატს ცდების მესამე ფაზა არ გაუვლია.

გარდა ამისა, მეცნიერები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ მათთვის რთულია ვაქცინის ეფექტურობის შეფასება, რადგან მასზე სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერი დაწერილა.

მაგალითად, ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორის, ირია ლუტსარის თქმით, რუსეთის მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე არაფერია ცნობილი, მასზე არაფერი დაწერილა სამეცნიერო ლიტერატურაში.

“ამ ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა არ ყოფილა, შესაძლოა, მხოლოდ მეორე ფაზა აქვს გავლილი. თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურაში ამაზე არაფერია ცნობილი”. რაც შეეხება პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ვაქცინის ორი დოზა მის ქალიშვილს შეუყვანეს – მეცნიერი ამბობს – “ზედიზედ ორი დოზის შეყვანა არ ხდება. შესაძლებელია, მისი შვილი გამოცდის მეორე ფაზაში მონაწილეობდა, თუმცა რაიმე შედეგის დანახვას ვისურვებდი. მესამე ფაზის გარეშე იმუნიზაციაზე გადასვლა ძალიან დიდი რისკია”.

გერმანიის ბერჰარდ ნოჰტის ინსტიტუტის ვირუსოლოგი, იონას შმიტ-კანაზიტიც მიიჩნევს, რომ ძალიან ნაადრევია რუსული ვაქცინისთვის დამოუკიდებელი შეფასების მიცემა. მეცნიერი ამბობს, რომ ვაქცინაზე სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერი დაწერილა, ამიტომ – ძალიან დიდი სიფრთხილით ვრეაგირებ მისი გამოყენების ნებართვაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პრეპარატი ეფექტური არ აღმოჩნდა, მისი გამოყენება საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს”.

გერმანიის ფედერალური ექიმთა პალატის ხელმძღვანელი, კლაუს რაინჰარდი კოლეგას ეთანხმება და ისიც ამბობს, რომ მესამე ფაზის გავლის გარეშე მისი გამოყენების ნებართვა სარისკოა. მეცნიერი ამბობს – “უპასუხისმგებლობაა ამ ეტაპზე მოსახლეობის აცრის დაწყება”.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ცდების ორგანიზების ასოციაციამ წერილობით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ მესამე ფაზის დასრულებამდე პრეპარატის რეგისტრაცია სარისკოა, რადგან ვაქცინის ნაადრევმა გამოყენებამ შესაძლოა, უკუეფექტი გამოიწვიოს.

მოსალოდნელია, რომ პრეპარატის ცდის მესამე ფაზაში რამდენიმე ათასი ადამიანი იყოს ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ამჟამად მესამე ფაზას 6 ვაქცინა გადის, რომელიც დასავლეთისა და ჩინური კომპანიების მიერ არის შემუშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები