„როგორც ჩანს, შანსები არ არის…ყველას სალამი, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით”, – ეს სიტყვები კაპიტან კოლესნიკოვის იმ წერილში წერია, რომელიც მან დაღუპვის წინ მეუღლეს დაუწერა. კოლესნიკოვი 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენოცოვოს ზღვაში ჩაძირული რუსული წყალქვეშა ატომური კრეისერის, „კურსკი“-ს ერთერთი მეზღვაური იყო. სანამ ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპებოდა, რუსეთის ხელისუფლებამ და ფლოტის მეთაურებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ამბავი არავის გაეგო.
ჩაძირვიდან პირველ დღეებში ფლოტი არანაირ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებდა. მეზღვაურების ოჯახებს მომხდარს უმალავდნენ ისევე, როგორც – დანარჩენ მსოფლიოს. სამხედრო-საზღვაო ფლოტის პრესმდივანი, დიგალო მედიას უებნებოდა, რომ „ეკიპაჟთან კავშირი დამყარებულია, მათ ცხელ საკვებს აწვდიან“. ამ დროს კი ეკიპაჟის ის ნაწილი, რომელიც აფეთქების შემდეგ გადარჩა, ნელი სიკვდილით, ჩარაზულ წყვალქვეშა ნავში კვდებოდა, რადგან სამაშველო ოპერაცია დაწყებულიც კი არ ყოფილა.
ჰიდროკომბინიზონებში ჩაცმული 23 მეზღვაური იჯდა და ელოდა, როდის აიყვანდნენ ზედაპირზე. თუმცა, მათ მხოლოდ 8 საათს იცოცხლეს. ამ პერიოდში ისინი ხმოვანი სიგნალის გაშვებას ახერხებდნენ… 100 მეტრის სიღრმიდან, წყვეტილად, შემზარავი კაკუნი ისმოდა…
ვლადიმერ პუტინი ამ დროს სოჭაში ისვენებდა. მომხდარიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ გადაწყვიტა შვებულების შეწყვეტა და მოსკოვში დაბრუნება.
რუსეთისვე ძალებით, სამაშველო ოპერაციის წარმოება შესაბამისი აღჭურვილობისა და სპეც მოწყობილობების გამო ჩავარდა. „საიდუმლოების არგამჟღავნების“ მოტივით რუსეთის ხელისუფლება ორ დღეა მალავდა მომხდარს. არ აწვდიდნენ ინფორმაციას ეკიპაჟის წევრების ოჯახებს, თავიდან იმასაც კი ამბობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ჯაშუშობის შიშით, თავდაპირველად, რუსეთმა უარი თქვა უცხოურ დახმარებაზე. მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, კრემლი ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის დახმარების შეთავაზების მიღებას დათანხმდა.
სწორედ ინგლისის დროშის ქვეშ მცურავი გემით შემოსულმა ნორვეგიელმა მყვინთავებმა შეძლეს საბოლოოდ 100 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და ლუქის გახსნა, თუმცა, “კურსკ”-ზე სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ იყო – ჩაძირვიდან ერთი კვირა იყო გასული. 118 ადამიანს გადარჩენის შანსი საკუთარი ფლოტის ხელმძღვანლობისა და ხელისუფლების წყალობით უბრალოდ აღარ ჰქონდათ.
„კურსკ”-ის ჩაძირვის პირველ დღეებში ფლოტის ხელმძღვანლობამ და პროსახელისუფლებლო მედიამ მაშინვე განავითარეს ვერსია, რომ ის ნატო-ს რომელიმე გემმა ჩაძირა. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დასავლეთი კვლავ დამნაშავედ გამოეყვანათ. თუმცა მოგვიანებით თავისივე გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ კრეისერი საკუთარმა სასწავლო ტორპედამ შიგნიდან ააფეთქა.
მოგვიანებით, ხელისუფლებამ დაღუპულთა ნათესავებს დიდი კომპენსაციები გადაუხადა. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინს დაბა ვიძიაევოში ჩასვლა და ოჯახებთან შეხვედრა მოუწია, მეზღვაურების ცოლებმა, დედებმა მას უმწვავესი დახვედრა მოუწყვეს. იქ მედია არ ყოფილა, მაგრამ არსებობს ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერებიც, სადაც ისმის ქალების აღშფოთებული ყვირილი, დარბაზში მყოფი ერთერთი ქალბატონი სამთავრობო დაცვამ გაიყვანა კიდეც. ამ ადამიანებისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ მოსკოვი რამდენიმე დღის განმავლობაში ამბობდა ნატო-ს ქვეყნების დახმარებაზე უარს. ასევე, განსაკუთრებულ სიბრაზეს ისიც იწვევდა, რომ პრეზიდენტმა შვებულება მხოლოდ 5 დღის შემდეგ შეწყვიტა. მოგვიანებით, მიცემულ ინტერვიუებში ის ამბობდა, რომ თავიდან თავდაცვის სამინისტრომ მას კატასტროფის მნიშვნელობა არ აცნობა. გამოცდილმა „ჩეკისტმა“თავის გასამართლებელი უამრავი არგუმენტი იპოვა.
გავიდა დრო, მომხდარი „გამოიძიეს“ და, მიუხედავად იმ მრავალი დანაშაულებრივი მოქმედებისა, რამაც 118 ადამიანის ჯოჯოხეთური სიკვდილი გამოიწვია, ვლადიმერ პუტინმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არავინ დასაჯა. ხოლო წლების შემდეგ, ლარი კინგის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ბოლოს და ბოლოს, რა მოუვიდა “კურსკ”-ს, მან ცინიკური ღიმილით უპასუხა: „ის ჩაიძირა“.
2000 წლის სექტემბერში მაშინდელი ОРТ-ს ეთერში სერგეი დორენკოს 1-საათიანი გადაცემა გავიდა, სადაც იმის შესახებ ჰყვებოდა, თუ რა საძაგელ პირობებში ცხოვრობდნენ რუსი მეზღვაურების ოჯახები, მათ შორის, ატომური წყალქვეშა გემის კაპიტნის ოჯახი, დეტალურად გაშიფრა ვლადიმერ პუტინის ტყუილები და ხისტად გააკრიტიკა პირადად მისი თავის მართლების მცდელობები. “მთავარი დასკვნა ის არის, რომ ხელისუფლება პატივს არავის გვცემს. ამიტომ ცრუობს. და მთავარი – ხელისუფლება ასე მხოლოდ იმიტომ გვექცევა, რომ ამის უფლებას ვაძლევთ. კარგად ბრძანდებოდეთ”, – ასე დაასრულა ეს უმძიმესი გადაცემა რუსული ტელევიზიის „ტელექილერად’ წოდებულმა დორენკომ.
ამ გადაცემის ეთერში გასვლის დღესვე, ის რუსეთის მთავარი არხიდან გაუშვეს და ანათემას გადასცეს. როგორც ცნობილია, სწორედ „კურსკ”-ის მედიაშტორმის შემდეგ დაიწყო პუტინის გადამწყვეტი ბრძოლა იმ თავისუფალ სიტყვასა და მედიასთან, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ეს ტრაგიკული ისტორიაც ცხადყოფს, რომ კრემლის მესვეურებმა ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ვერაფერი ისწავლეს, კვლავ იმის ეშინიათ, რომ ძლევამოსილების იმიჯი შეელახებათ და ამიტომ ერთი ხელის მოსმით წირავენ ადამიანებს; 2000 წელს 12 აგვისტოს ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღეც კი არ იყო გასული, ახლა კი 2020 წელია. ის 2036 წლამდე აპირებს რუსეთის მართვას და ვინ იცის, კიდევ რამდენი „კურსკი“ იქნება მის სინდისზე…
ელენე ჯანაშია