ომის დასრულების სურვილი ლიდერების დონეზე დიპლომატიური შეხვედრაა, თუ რუსეთი არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, ჩვენ ვთხოვთ შეერთებულ შტატებს, შესაბამისად იმოქმედოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისსა და პუტინს შორის არის განსახილველი.
„ამერიკის პრეზიდენტი დაუკავშირდა რუსულ მხარეს და მათ განიხილეს, თუ რა დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი. რუსეთმა შესთავაზა ჯერ ორმხრივი შეხვედრა უკრაინასა და რუსეთს შორის, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრა. როგორც ვთქვი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის ლიდერების დონეზე, რადგან მხოლოდ ლიდერების დონეზე შეგვიძლია გადავჭრათ ყველა ეს რთული და მტკივნეული საკითხი. თუ ერთი ან მეორე მხარე არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, მაშინ ჩვენ ვთხოვთ შეერთებულ შტატებს, იმოქმედოს შესაბამისად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეტალები ახლო დღეებში გახდება ცნობილი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან ტყვეების საკითხიც განიხილებოდა.
„ჩვენ შევთანხმდით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ის ეთანხმება, რომ ეს რთული სისტემაა, მაგრამ ტრამპი დამეხმარება ტყვეების გაცვლაში ფორმულით – ყველა ყველაზე. არა მხოლოდ სამხედრო ტყვეების, არამედ უპირველესად ჩვენი სამოქალაქო პირების, ჟურნალისტების და პოლიტიკური პატიმრების. ჩვენ შევთანხმდით ამაზე, მუშაობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.