მიხეილ ჩხენკელი: დაფუძნდება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც ტრადიციული მუსიკის კვლევის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს გადაეცემა
ოზურგეთში ცნობილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
როგორც „კვირას“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ “ქართული გალობის” ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს იუბილე მიულოცა და შემოქმედებითი წარმატება უსურვა.
„ბატონი ანზორის უდიდესი დამსახურების აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაფუძნდება ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც ტრადიციული მუსიკის კვლევის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს გადაეცემა.
მე, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ანზორი განსაკუთრებულად გამორჩეული და ღირსეული ოჯახის წარმომადგენელია. მასში არის ცოცხალი ის განსაკუთრებული ქართული გენი, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ ფოლკლორს. ბატონ ანზორში ცოცხალია მისი ბაბუის, არტემ ერქომაიშვილის გენი და მე მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი არტემის მშობლიურ სოფელში, მაკვანეთში, ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლას მიენიჭება ბატონ არტემ ერქომაიშვილის სახელი. ამ შესანიშნავ სკოლაში წელსვე დაიწყება სრული რეაბილიტაცია და ძალიან მალე, უკვე არტემ ერქომაიშვილის სახელობის სკოლაში ბავშვებს შეეძლებათ თანამედროვე გარემოში მიიღონ განათლება”,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სამინისტროს ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ კრებულზე „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი ინგლისურ ენაზე, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და ამერიკული საგამომცემლო კომპანია NOVA SCIENCE -ის მხარდაჭერით გამოიცა. მინისტრის თქმით, სამტომეულის წყალობით მსოფლიო საქართველოს აღმოაჩენს, როგორც უმდიდრესი კულტურის, ისტორიისა და ევროპული ფასეულობების ქვეყანას.
„ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეზე ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანი“, მესტიის ანსამბლმა „რიჰო“, კახეთის ანსამბლმა „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბერმუხა“ აჭარიდან, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლმა „შემოქმედი“ და გურულმა ტრიომ „შალვა ჩემო“. ასევე, გამოიფინა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.
ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.