ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხი დაიღალა ამდენი დესტაბილიზაციით, შიდა განხეთქილებით, ერთმანეთში ბრძოლით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავასრულეთ ქაოსი და დესტაბილიზაცია
“ხალხი დაიღალა ამდენი დესტაბილიზაციით, მუდმივი შუღლით, შიდა განხეთქილებით, ერთმანეთში ბრძოლით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავასრულეთ ის ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყანას წინა ხელისუფლებამ მოუტანა”,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 8 წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ხალხმა იგემა მშვიდობის და თავისუფლების გემო”.
“მოგესალმებით ჩემო ახმეტელებო, მაგარო ქართველებო, მაგარო კახელებო, დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა. დღეს წარმოგიდგინეთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი, ღირსეული ქართველი, ღირსეული პატრიოტი, გამორჩეულად წესიერი ადამიანი ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი. მე მინდა ჩემს გამოსვლაში რამდენიმე აქცენტი გავაკეთო აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ჩვენი ტკივილი და ტრაგედიაა. 12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენ კარგად გვახსოვს ის ტრაგიკული დღეები, ის დღეები, რომელიც თითოეულმა ქართველმა განიცადა. საუბედუროდ, სააკაშვილისნაირმა უსამართლო, უღირსმა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა ეს უდიდესი განსაცდელი და ჩვენ შედეგად მივიღეთ დამატებით ტერიტორიების დაკარგვა დროებით, ოკუპაცია ჩვენი ძირძველი ტერიტორიების, რაც ყველაზე მძიმე შედეგია ამ ომის. კოდორი, რომელიც რატომღაც დაავიწყდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას, ახალგორი, ასზე მეტი სოფელი, ათიათასობით დევნილი, გაუბედურებული და რა თქმა უნდა ოჯახდანგრეული და სახლებიდან აყრილი ჩვენი მოქალაქეები. ეს ის მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ გადმოგვებარა. გადმოგვებარა არა შემთხვევით და ვინმეს კეთილი ნებით, არამედ თქვენი ძალით, ხალხის ძალით და ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ, ჩვენი თავმჯდომარის ლიდერობით, თქვენთან ერთად შევძელით შეუძლებელი, რომ ქვეყანაში დავასრულეთ ძალადობა, მკვლელობა, ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების. სულ რამდენიმე წამით გავიხსენოთ თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა გამოსცადა არაერთი ომი იქნება ეს ომი ჩვენს მოწინააღმდეგესთან – რუსეთთან, თუ შიდა ომები, თუ სამოქალაქო ომები. ომები შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან ჩვენი მმართველობის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 8 წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ხალხმა იგემა მშვიდობის და თავისუფლების გემო. ხალხი დაიღალა ამდენი დესტაბილიზაციით, მუდმივი შუღლით, შიდა განხეთქილებით, ერთმანეთში ბრძოლით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავასრულეთ ის ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ნგრევა და ომი. ეს არის ის უიშვიათესი, უნიკალური პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი. ის ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ხალხს ვერ აარიდებს ყველაზე დიდ შეცდომას თუ დანაშაულს, თუ დიდ უბედურებას, განსაცდელს, რომელიც არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა მოღალატეობრივად, არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას არ იმსახურებს მეგობრებო! ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ჩვენი თავმჯდომარის, პრემიერმინისტრის, მთელი გუნდის ხელმძღვანელობით, რომ ეს დესტრუქციული ძალა ერთხელ და სამუდამოდ გავიყვანოთ პოლიტიკური ველიდან. ჩვენ აქ ვიმყოფებით ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში. დიდება მის სახელს და მის ხსოვნას. იმ დროს, როცა გიორგისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი, ყოფილი პრეზიდენტის და ომ დროინდელი მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს. ეს არ არის ჩვენი, ქართველი კაცის გულში და სულში არის სულ სხვა ბრძოლის მუხტი. სხვა სულია. ჩვენ ვიხილეთ დიდი ტრაგედია, საერთო ეროვნული სირცხვილი – მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, რომელიც დღესაც უნამუსოდ და უსირცხვილოდ აცხადებს პრეტენზიას. მას ერთადერთი მიზანი და ჟინი ამოძრავებს – ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს. ვერც ის და ვერც მისი კორუმპირებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანა. ის მოჩვენებითი პირველი წლების მოძრაობა, რომელიც მათ შექმნეს, შექმნეს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დიდ სიცრუეში შეეყვანათ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, ის რეპრესიები და ტერორი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა არის ძალიან მძიმე წარსული, რომელიც აღარასდროს განმეორდება. იმ დროს, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ეს სამარცხვინო ადამიანი, მიწაზე გართხმული. გუშინ, 9 აგვისტოს კადრები ვნახე შემთხვევით, როცა იგი ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას ატარებდა, თავის მინისტრებთან ერთად, იმ დროს როცა ჩვენი ბიჭები, ბრძოლის ველზე იხოცებოდნენ, ის ხუმრობდა, იცინოდა. ანუ მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც იმ ომს, არც ტერიტორიების დაკარგვას, არც ოკუპაციას, მათ სულ სხვა მიზანი ამოძრავებთ მეგობრებო, ამიტომ კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი პარტიის სახელით, ჩვენ ყველანი ისევ ერთად უნდა ვიდგეთ, მადლობა იმ თანადგომისთვის, თქვენი თანადგომის გარეშე რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნებოდა და იქნება გამარჯვება. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ან უნდა გავაგრძელოთ ეს გრძელვადიანი სტაბილურობა, მშვიდობა და თავისუფლება, რომელიც ჩვენს ხალხს ებოძა, ან ისევ ამ დესტაბილიზაციის და ოკუპაციის ხანაში უნდა დავბრუნდეთ. არჩევანი თქვენზეა მეგობრებო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.