ზაზა გაბუნია: გმირებმა საკუთარი არსებობა და სახელ-გვარები ქვეყნის სახელს და არსებობას შეუერთეს – დღეს მათ ყველას საქართველო ჰქვია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, 8 აგვისტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“არის დღეები, როცა სიტყვებს – “მძიმე” და “საამაყო” – ერთად ვამბობთ ასეთი დღის აღმატებული მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ამგვარად ვცდილობთ გამოვხატოთ კარგიც და ცუდიც – ის, თუ ამ განსაკუთრებულ დღეს რა საოცრად შესზავებია ერთმანეთს ტკივილი და ღირსების შეგრძნების სამართლიანად მომეტებული ემოცია. და აბა, სხვანაირად როგორ, როცა ომზე ვსაუბრობთ, რომლის სარბიელზე სიცოცხლე დათმეს იქ მომღიმრად მიმავალმა ჩვენმა გმირებმა, რომელთა სხივმოსილი სახელები და სახეები სამშობლოსთვის მოქმედების სურვილს გვიორკეცებს, ძალას გვძენს, ღირსების განსაკუთრებული გრძნობით აღგვავსებს დღენიადაგ – ნებისმიერ წამს, როცა კი შეიძლება ისინი გაიხსენო და არამარტო დღეს, 8 აგვისტოს.
და ეს გაფიქრება, ეს გახსენება, მათგან ამქვეყნად დატოვებული ოჯახის წევრებისადმი ყურადღება ჩვენგან კეთილ მისავლად მიუდით იქ, იმქვეყნად, იმ სულმაგარ ტიტანებს.
სიცოცხლე სამშობლოს სიცოცხლის წილ გააჩუქეს, საკუთარი არსებობა და სახელ-გვარები ქვეყნის სახელს და არსებობას შეუერთეს – დღეს მათ ყველას საქართველო ჰქვია, რომელიც დროებით დაკარგულ საკუთარ მიწა-წყალსაც აუცილებლად დაადგამს მათგან შეყვარებულ ხუთჯვრიან დროშას, გულში ჩაიკრავს იქაურთ, მტერს კი მტრისას ეტყვის, მოყვარეს მოყვრისას და ეს იქ, იმ ქართულ მიწებზე, რომელთაც ამ ომის დროს, ამ სულმაგრების ოდენ თვალები და მზერა მისწვდა”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები