ომბუდსმენი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს.

„განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის უფლების დარღვევა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან.

გადაადგილების თავისუფლება უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სავალალო უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი ნათლად წარმოაჩინა ე.წ. გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად, არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმა.

წლების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 12 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას.

„ასევე, კვლავ პრობლემას წარმოადგენს, საოკუპაციო ხაზის პირა სოფლებში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების საკითხი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი. გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს სტანდარტზე ხელმისაწვდომობის უფლებაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს.

2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნის შემცირება და ზოგადად განათლების სისტემის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით ძალისხმევა არ დაიშუროს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შესაცვლელად. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები