“ჩვენ გვყავს გუნდის ახალი წევრი, თეა ახვლედიანი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო ახალი მინისტრი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციაა, რაც გადის შერიგებაზე, შრომასა და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე.
„მე მინდა, პირველ ყოვლისა, მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, რომ თეა ახვლედიანი აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მანამდე კი მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში როგორც ევროპის, ასევე – კონფლიქტების მიმართულებით. ამიტომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე. ამიტომ, ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი, პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.