ირაკლი ბერაია: საქართველო აშშ-ის კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამის ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტში
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, აპროპრიაციის აქტსა და თავდაცვის ავტორიზაციის აქტში”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 21 ივლისს, სენატმა კი 23 ივლისს დაამტკიცა და დოკუმენტში მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნულია საქართველოს მხარდაჭერის შესახებ – ის, რომ საქართველო არის ამერიკის ღირებული პარტნიორი და აშშ-მა უნდა გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა, მისი უსაფრთხოების და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, ევროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ლეტალური შეიარაღებით უზრუნველყოფა.
„დოკუმენტში საუბარია, ასევე, ანგარიშზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უნდა მიაწოდოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული მოქალაქეების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს არის იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ და ეს მხარდაჭერა არის მზარდი”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, არის შესწორებები, რომელიც დოკუმენტში ტეხასელმა სამმა კონგრესმენმა შეიტანა, თუმცა არანაირ პირობითობასა და დათქმაზე საუბარი არ არის.
„ეს არის მათი ინიციატივა. აქ პრობლემური და საგანგაშო არაფერია, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ. არანაირ შეზღუდვაზე, დათქმასა და პირობითობაზე საუბარი არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს ანგარიშს რეგულარულად აწვდის. თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, საჭიროა კონფერენცია, როცა გაერთიანება ხდება კონგრესისა და სენატის ნაწილების. საბოლოო ჯამში, როგორი იქნება საბოლოო ვერსია, ეს ცნობილი შემოდგომაზე გახდება”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.