არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი “არა” სჭირდება, რომ ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი დატოვოს

“მიხეილ სააკაშვილს ქართველმა ხალხმა ორჯერ უკვე უთხრა – არა, ხოლო მესამე “არას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამი “არა”, რომ ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი დატოვოს”.

„მას ორი “არა” უკვე აქვს 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე “არას” მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე კრძალავს დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები. ვფიქრობ, ჩვენთვის ის ნაკლებად საინტერესოა. როგორც ჩანს, ის უფრო საინტერესოა ოპოზიციისთვის. მის პარტიაში, სხვა პარტიებშიც გრძნობენ, რომ ის ხელს უშლის, რეალურად, ოპოზიციის საქმიანობას. „ქართული ოცნება“ მომავალზე ვართ ორიენტირებულნი, გვაქვს ჩვენი პროგრამა, ვთავაზობთ საზოგადოებას სიმშვიდეს, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, დაგეგმილი გვაქვს განათლების შემდგომი ფუნდამენტური რეფორმა, შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ განახლებული გუნდითა და ძლიერი პოლიტიკური პროგრამით მივალთ თითოეულ მოქალაქესთან. დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ ბევრის მხარდაჭერას. ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს. ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის გაძლიერებისა და უკეთესი მომავლის. ჩვენ მზად ვართ, მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ჩვენს მეგობრებს სათქმელი გადავეცით. მათ კარგად იციან და თვითონაც, როგორც ჩანს, უხერხულ მდგომარეობაში არიან იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი პარტიის და ოპოზიციის თავის ტკივილია. მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის დღეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეეთერში 2020 წლის არჩევნებისთვის საკუთარსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე ისაუბრა. ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, პასუხისგან თავი შეიკავა. „როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები