დავით მათიკაშვილი: პარლამენტის წევრის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ ვლინდება
“დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობა არის მრავალმხრივი”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიში.
მათიკაშვილის თქმით, პარლამენტის წევრის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ ვლინდება.
“დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობა არის მრავალმხრივი. არიან აქტიური დეპუტატები, რომლებიც ყოველმხრივ იყენებენ საკუთარ უფლებამოსილებას და არიან ნაკლებად აქტიური, რომლებიც მხოლოდ სეგმენტურად იყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას. პარლამენტის წევრის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ ვლინდება”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია.