არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად და რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი, მხარდაჭერის მოლოდინი

“იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად ჩაივლის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს ენდობა.

„შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია მას შემდეგ, რაც ჩვენ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატები წარვადგინეთ, თუმცა, აქტიურ ფაზაში ის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან შევა. რასაკვირველია, ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს. იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად ჩაივლის, იქნება მშვიდი, შედეგებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პარტიები, ლიდერები შევძლებთ, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამები და ჩვენი ხედვა გავუზიაროთ.

რასაკვირველია, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ენდობა თავის მხარდამჭერებს. ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს. მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად და რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი, მხარდაჭერის მოლოდინი. რაც შეეხება გუნდის განახლებას, გუნდის განახლება მოხდება პროპორციული სიის ხარჯზე. პროპორციულ სიას ჩვენ წარვადგენთ სექტემბერში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პროპორციული სიის ფარგლებში უზრუნველვყოთ, როგორც ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა იყოს, ასევე განვაახლოთ გუნდი იმ ადამიანებით, ვინც გუნდში ახალი ენერგია უნდა შემოიტანონ. სიმართლე არის ის, რომ 30 მაჟორიტარ კანდიდატში 10-ზე მეტი ადამიანი არის ისეთი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საპარლამენტო პოლიტიკაში ჩართული, არ ყოფილა პარლამენტის წევრი. როგორც გითხარით, ჩვენ გუნდის განახლებას ვგეგმავთ პროპორციული სიის წარდგენისას. შესაბამისად, პროპორციულ სიაში იქნება მეტი ქალი, იქნება მეტი ახალი სახე და ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ გამოცდილი პოლიტიკოსებისა და ახალი სახეების ეფექტიან თანამშრომლობას მე-10 მოწვევის პარლამენტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში საკუთარ თავს არ განიხილავს.

„რასაკვირველია, მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება. ის საქართველოს პრემიერმინისტრი იყო. რა თქმა უნდა, საპარლამენტო გუნდისთვის ნამდვილად შენაძენი იქნებოდა მისი პარლამენტში მოსვლა, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას სხვანაირად აქვს მომავალი კარიერა წარმოდგენილი. იცით, ძალიან გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში. აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებითაც მას დიდი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, ის გუნდს სწორედ ამ პოზიციებზე დაეხმარება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები