მომგებიანია თუ არა განათლების სექტორი კერძო ბიზნესისათვის – „გალტ & თაგარტის“ კვლევა

2019 წელს საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლებმა 2.0 მლრდ ლარი (მშპ-ს 4.1%) შეადგინა, საიდანაც კერძო სექტორის წილი 0.5 მლრდ ლარია. როგორც „გალტ & თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, კერძო განათლების სექტორის შემოსავლები და მომგებიანობის მაჩვენებლები მზარდია. სექტორის წმინდა მოგების მარჟამ 2018 წელს 20.4% შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება მთლიანი ბიზნეს სექტორის მომგებიანობის საშუალო მაჩვენებელს საქართველოში. კვლევის ავტორების მოსაზრებით, კერძო სექტორის ზრდა გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ურბანიზაცია.

„გალტ & თაგარტში“ ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის ზოგადი განათლების მიცემაზე ორიენტირებულ კერძო სექტორში ჩარიცხვების წილი ამჟამინდელი 10.6%-დან 11.5%-მდე გაიზრდება. არსებული სტატისტიკით, კერძო სკოლების საშუალო შემოსავალი ერთ მოსწავლეზე 3,7 ლარს შეადგენს.

ჯანსაღია კერძო უმაღლესი განათლების სექტორის ფინანსური მაჩვენებლებიც. კვლევის თანახმად, კერძო სექტორის წმინდა მოგების მარჟამ 2017-18 წლებში 25 % შეადგინა. არსებული ვარაუდით, 2024 წლისთვის სტუდენტების რაოდენობა 160.3 ათასს მიაღწევს და აქედან 37 % კერძო უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდება.

რაც შეეხება ხელფასებს კერძო სექტორში. როგორც „გალტ & თაგარტის “ კვლევაშია მითითებული, კერძო სექტორში ხელფასები საჯარო სექტორთან შედარებით 20-30%-ით მაღალია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში, კერძო სექტორშიც გაზრდის ხელფასებს, რათა არ მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ განათლების სექტორში რეფორმების ახალი ტალღა გამოაცხადა და 2022 წლიდან განათლების დაფინანსების მშპ-ის 6%-მდე ზრდას გეგმავს. დღეს ეს მაჩვენებელი 3.6 %-ს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები