სოზარ სუბარი: გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტების გამოყვანა ვერტმფრენით მოხდება
“გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტების გამოყვანა ვერტმფრენით მოხდება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა ყველას მაქსიმალური დახმარება გაეწევა.
„პრემიერმინისტრის დავალებით, სპეციალური ჯგუფი ჩამოვედით, პირველ ყოვლისა, ვერტმფრენით დავათვალიერეთ სტიქიის ზონა. ადიდებულია ყველა მცირე შენაკადი, რომელიც რიონს უერთდდება, თუმცა ამ ეტაპისთვის რიონი კალაპოტშია. რაც შეეხება სოფლებს. 11 ხიდია დაზიანებული, 12 სოფელი კი გარე-სამყაროსაა მოწყვეტილი, ხოლო ორიათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, მე ამ ეტაპზე მაშველებთან ერთად ვიმყოფები. დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც გზის აღდგენას იწყებენ. ტურისტები, რომლებიც სტიქიის ზონაში დარჩნენ, გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში, ჩვენს მიერ ვერტმფრენით მოხდება მათი გამოყვანა. რამდენიმე სახლია დაზიანებული, ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა საკმაოდ დიდია და აუცილებლად დავეხმარებით მაქსიმალურად ყველას. რაც მთავარია, მოსახლეობა ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელიც ამ დროისთვის მაშველებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფება.
რაჭაში სტიქიის ადგილზე პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი იმყოფება. ის, სამთავრობო გუნდთან ერთად, მიყენებულ ზარალს გაეცნო და მოსახლეობას პირველი ეტაპისთვის საჭირო დახმარება გაუწია.