რა ელით ზარალზე მომუშავე სახელმწიფო საწარმოებს – ეკონომისტებს ცუდი მოლოდინები აქვთ

საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ების ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული, ეს კი საქართველოს საჯარო ფინანსების მდგრადობისათვის მზარდ რისკს წარმოადგენს, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნაში.

როგორც სსფ-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, 67 სახელმწიფო საწარმოს აქტივების ღირებულება 2%-ით მცირდა, ხოლო ფინანსურმა ზარალმა 805 მილიონ ლარს მიაღწია. როგორც ირკვევა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო საწარმოების ზარალის ჯამური ოდენობა 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.

ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ დემურ გიორხელიძის მოსაზრებით, სსფ-ის ეს დასკვნა აშკარა ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფი მის ხელთ არსებული საწარმოების გასასხვისებლად ემზადება. გეორხელიძე სსფ-ის სტატისტიკას ენდობა და ადასტურებს, რომ სახელმწიფო საწარმოები წაგებაზე მუშაობენ, თუმცა ფიქრობს, რომ მათი გასხვისება გამოსავალი არ არის.

როგორც გიორხელიძე „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, არ არსებობს გარანტია, რომ პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო ქონება სანდო ხელში მოხვდება.მისი მოსაზრებით, თუ სახელმწიფოს არსებული სურათის შეცვლა სურს, უმჯობესია, ზარალზე მომუშავე კომპანიების მმართველები და მართვის წესი შეცვალოს.

„დღეს პრობლემაა არ ის, რომ სახელმწიფის ქონება აქვს, არამედ – ამ ქონების მართვის ფორმა. არის სტრატეგიული ობიექტები, რომელთა გასხვისება არ შეიძლება და პანდემიამაც აჩვენა, რომ სწორი მართვის შემთხვევაში ეს ქონება და სტრუქტურა შედეგს იძლევა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მისი მართვა კოვიდის პირობებში. მოკლედ, თუ შედეგი უნდათ, გამოაცხადონ საერთაშორისო კონკურსი და სამართავად რომელიმე ცნობილი ჯგუფი შემოიყვანონ, რა პრობლებაა. არ მოგწონს, რომ შენი ჩინივნიკები ცუდად იქცევიან, მოიყვანე საერთაშორისო მმართველი კომპანია, დაუდე მას მკაცრი პირობები და მართავენ“, – აცხადებს გიორხელიძე.

მისი შეფასებით, სავალუტო ფონდის ეს დასკვნა დათვურ სამსახურს უწევს ხელისუფლებას. გიორხელიძის  აზრით, ხელისუფლებას უკვე შეუძლია, თქვას – რა ვქნათ, სავალუტო ფონდმა ეს გვითხრა და წამგებიანი საწარმოები უნდა გასხვისდეს.
„სავალუტო ფონდის დასკვნა არის ძალიან ცუდი დასკვნა, რაც სახელწიფოს გააკეთებინებს იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. უბრალოდ, ახლა შირმა, ერთგვარი ფარდა ექნებათ სსფ-ის სახით, რომელსაც ამოეფარებიან“, -აცხადებს გიორხელიძე.

წამგებიანი საწარმოების მოსალოდნელ პრივატიზაციაზე საუბრობს ეკონომისტი, მერაბ ჯანიაშვილიც. მისი თქმით, არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოები დიდ ტვირთს წარმოადგენენ ბიუჯეტისთვის და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასაც საფრთხეს უქმნიან. გიორხელიძის მსგავსად, ჯანიაშვილიც გამოსავალს წამგებიანი საწარმოების მენეჯმენტის ცვლილებაში ხედავს. თუმცა, ისიც შიშობს, რომ სახელმწიფო ამ საწარმოების პრივატიზებას გეგმავს და ისინი შესაძლოა, ნაცნობ ბიზნესმენებს ჩაუგდონ ხელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები