რომელ დაწესებულებებში არღვევენ ყველაზე ხშირად თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონს – „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაცია

როგორია „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის“ აღსრულება, რომელ დაწესებულებებში ფიქსირდება ყველაზე ხშირად დარღვევები და შენობაში სიგარეტის მოწევის ფაქტები? – ამ საკითხთან დაკავშირებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„კანონის აღსრულების თვალსაზრისით, ყველაზე ურჩი ისევ სახელმწიფო დაწესებულებებია, განსაკუთრებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაწესებულებები. ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერია დავაჯარიმეთ იმის გამო, რომ თამბაქოს მოხმარების ფაქტებს ჰქონდა ადგილი მათ შენობებში. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო. კახეთში, სამეგრელოში იყო რამდენიმე შემთხვევა. მოვუწოდებთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

ასევე, დარღვევების შემთხვევებია სამედიცინო დაწესებულებებში. იცით, რომ არა მხოლოდ შენობაში, არამედ ტერიტორიაზეც აკრძალულია მოწევა. არის შემთხვევები, როცა დიდ სამედიცინო დაწესებულებებში კონკრეტული ოთახები აქვთ გამოყოფილი, რომელიც იკეტება, შედიან, ეწევიან, კეტავენ. ჩვენ ეს გამოვავლინეთ მონიტორინგის დროს და საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეიქმნა.
რაც შეეხება სამასპინძლო ბიზნესს, ინტენსიურად ვამოწმებთ, რამდენიმე ობიექტი ამ დღეებშიც დაჯარიმდა თბილისსა და რეგიონებში. მოკლედ, ყურადღებით ვართ.

საბოლოოდ, კანონის მთლიანი აღსრულება არის, დაახლოებით, 95 %-იანი, რაც საკამოდ მაღალია და ევროპული სტანდარტების შესაბამისია, თუმცა ჩემთვის მაინც არ არის ის დონე, რაც შეიძლება, გვაკმაყოფილებდეს. ამიტომ, მაქსიმალრუად ვცდილობთ, ეს დავიცვათ“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

შეგახსენებთ, დახურულ სივრცეში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა აკრძალულია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები