მწეველები და კორონავირუსი – „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე რისკებზე საუბრობს

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაგროვა კვლევები, რომელთა გაანალიზების საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მწვეველები ორნახევარჯერ მეტად საჭიროებდნენ ინტენსიურ მოვლას, ანუ რეანიმაციაში მოვლას, ვიდრე – არამწეველები”, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის დროს თამბაქოს ინდუსტრია მსოფლიოში ქმნიდა აჟიოტაჟს და ამტკიცებდა, რომ, თითქოს, ნიკოტინი გარკვეულწილად covid 19-სგან იცავს.

როგორც ბახტურიძემ განმარტა, მწეველებმა თავი არ უნდა დაიმშვიდონ, რადგან თამბაქოს ინდუსტრია ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდა და ეს მათი მარკეტინგული სვლა იყო.

„ორი სტატია გამოქვეყნდა, ერთი – ჩინელი სპეციალისტების მიერ მომზადებული, 144 კაცში ჩატარებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, რომელთაგან 4 % იყო მწეველი. მათი ვარაუდი იყო, რომ, თითქოს, მწეველები ნაკლებად ზარალდებოდნენ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
მეორე სტატია იყო ფრანგი მეცნიერების, რომელთა ერთერთი მთავარი ავტორი გახლავთ ჟან პიერ შანჟე. შემიძლია, დადასტურებული ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ მას პირდაპირი კავშირები აქვს თამბაქოს ინდუსტრიასთან. გამოაქვეყნეს სტატია ჟურანალში, რომელსაც სამეცნიერო ხასიათი არ აქვს. ამ შემთხვევაში, 450 კაცი იყო გამოკითხული, რომლის 4 % იყო მწეველი. აქაც – საკმაოდ მცირე რაოდენობა. თითქოს, ასეთი ჰიპოთეზა შექმნეს: ნიკოტინი ხომ არ უწყობს ხელს, რომ მოახდინოს კორონავირუსის რეცეპტორებთან შეჭიდულობის პრევენცია, ანუ არ შევიდეს უჯრედში.
როცა დიდი რეზონანასი მოჰყვა ამ აბსურდულ და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელ მოსაზრებას, მაშინ მეორე სტატია გამოაქვეყნეს და თქვეს, ეს მხოლოდ ჰიპოთეზა იყო და ამას კვლევების ჩატარება სჭირდებაო.
თუმცა, ამ ინფორმაციამ აჟიოტაჟი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. საფრანგეთში ნიკოტინის პლასტირები, ფაქტობრივად, დეფიციტში იყო იმის გამო, რომ მოსახლეობას ეგონა, პლასტირს თუ მიიკრავდა, კორონავირუსი არ დაემართებოდა. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდი და სისულელეა.
მინდა, გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაგროვა ბევრი კვლევა, ათეულ ათასობით ადამიანის სტატისტიკის გაანალიზების საფუძველზე აღმოჩნდა შემდეგი : კორონავირუსით დაავადებული მწვეველები ორნახევარჯერ მეტად საჭიროებდნენ ინტენსიურ მოვლას, ანუ რეანიმაციაში მოვლას, ვიდრე – არამწეველები. ასევე, მათი ლეტალობა, ანუ სიკვდილობის გამოსავალი იყო ორნახევარჯერ მეტი, ვიდრე – არამწეველების. ამიტომ, ვერცერთ შემთხვევაში მწეველები ვერ დაიიმედებენ თავს. ჩემ ირგვლივ რამდენიმე ჩემმა ნაცობმა, მეგობარმა დაანება თავი მოწევას იმ რისკის გამო, რაც შეიძლება, კორონავირუსის გამო მას დამართნოდა.

თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გავრცელებული ეს თეორიები ხელს უწყობდა ელექტროსიგარეტებისა და ამდაგვარი პროდუქტების უფრო მეტად გასაღებას. იცით, რომ კორონავირუსის გავრცელების დროს საკმაოდ შემცირდა თამბაქოს პროდუქტების მოხმარება, რადგან ხელმისაწვდომობა გაჭირდა. ეს იყო მარკეტინგული ნაბიჯი, რომ მსოფლიოში აჟიოტაჟი შეექმნათ და ეთქვათ, თითქოს, ნიკოტინს რაიმე დადებითი გავლენა აქვს ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

„მოწევამ შესაძლოა, გაზარდოს დაავადების მძიმედ განვითარების რისკი, თუ ინფიცირებული ხართ COVID-19–ით“, – ჰარვარდისა და კრეტის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მოცემულია მტკიცებულებების სისტემური მიმოხილვა, აღწერილია, რომ მოწევა ასოცირდება COVID-19–ის განვითარების ნეგატიურ ტენდენციებსა და ნეგატიურ გამოსავალთან.

ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დიაბეტი, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და სიმსივნე, აქვთ COVID-19-ის მწვავე ფორმის განვითარებისა და ფატალური გამოსავლის უფრო მაღალი რისკი. მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც მას უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციის მიმართ.

„მეცნიერები ფიქრობენ, რომ COVID-19 ეპიდემია წარმოადგენს „ჭკუის სასწავლებელ პერიოდს“, რომლის დროსაც მწეველებმა უნდა გაანალიზონ, რომ აუცილებელია მოწევის შეწყვეტა. დასაბუთებულია, რომ მოწევის შემცირება ან თავის დანებება ხელს უწყობს COVID-19-ის ინფექციის საზოგადოებაში გავრცელების შემცირებას. თამბაქოს ინდუსტრია იყენებს COVID-19-ის კრიზისს, რათა ხელი შეუწყოს ელექტრონულ სიგარეტზე ან გასახურებელ თამბაქოზე მწეველების გადართვას, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ამ პროდუქტების მოხმარების უსაფრთხოებაზე COVID-19–ის კონტექსტში.

მწეველთა შორის COVID-19–ით დაავადების პროგრესირება ცხადყოფს, თუ რამდენად უარყოფითია მოწევის შედეგები. მოწევისგან გამოწვეული ზიანი რეალურია და ამიტომ აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება. საკარანტინე და იზოლაციის რეგულაციები ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, რაც, თავის მხრივ, უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ისეთი მავნე ჩვევებისთვის, როგორიცაა მოწევა. პერსონალის სიმცირის გამო, ისედაც არსებობს პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში COVID-19-თან გამკლავების კუთხით, მწეველობით გამოწვეული და მწველობის გამო გართულებული დაავადებების მკურნალობა კი უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და დამატებით ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები