ხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიცია ერთმანეთთან ჭიდილზეა გადასული

“ოპოზიცია ერთმანეთთან ჭიდილზეა გადასული, რაც არასწორია. ოპოზიციას, რომელსაც მიაჩნია, დასავლეთის მხარდაჭერა უკვე ჯიბეში მაქვსო, როგორც ჩანს, “ოცნების” აქტიურობა გამოეპარა”, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ხელისუფლების ტაქტიკა 1%-იანი ბარიერის შემოღებით ემსახურებოდა ოპოზიციის დაქსაქსვასა და ილუზიის გაჩენას, რომ ოპოზიციაში ყველა დამოუკიდებლად მოახერხებს შედეგის მიღწევას. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს ოპოზიცია ერთმანეთთან ჭიდილზეა გადასული, რაც არასწორია.

ოპოზიციას, რომელსაც მიაჩნია, დასავლეთის მხარდაჭერა უკვე ჯიბეში მაქვსო, როგორც ჩანს, “ოცნების” აქტიურობა გამოეპარა, რაც “ოცნებამ” გამოიყენა და აშშ-ში თავისი ლობისტები აამუშავა – დაინახა ხელისუფლებამ, რომ კონგრესმენთა ნაწილი, რომელიც მას აკრიტიკებდა, “ფრონტერას” ლობისტი იყო და მიხვდა, რომ მეტისმეტად ბრიყვული საქციელი იქნებოდა, რქებით მისწოლოდა კომპანიას, რომელიც რეალურად მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ არის. “ფრონტერა” არის კომპანია, რომელიც საქართველოში არსებულ ძალიან მწირ ნავთობისა და გაზის მარაგებზე მუშაობს თავისი აბსოლუტურად სხვა ინტერესების გამო. აბა, ანაკლიაზე რატომ არაფერი დათმო ხელისუფლებამ? იმიტომ, რომ ეს მისთვის და რუსეთისთვის საკვანძო საკითხია… მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს დასავლეთთან დალაპარაკებასა და დათმობას. ამ ვითარებაში ოპოზიციამ თუ დასავლეთის მხარდაჭერაც დაკარგა, ძალიან მძიმედ იქნება საქართველოს საქმე.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კელი დეგნანის ვრცელი ინტერვიუ და ამერიკის ელჩიც კი წუხდა ოპოზიციის ინერტულობის გამო. ლამის პირდაპირ თქვა, ოპოზიცია წინასაარჩევნო პროცესში არაფერს აკეთებს და დროა, საარჩევნო კამპანია დაიწყონო. ასეთი რამ აქამდე არცერთი ელჩისგან  მომისმენია. ანუ მარტო ჩვენ კი არ გვრჩება ოპოზიციის საქციელზე ასეთი შთაბეჭდილება, აშშ-ის ელჩიც კი შეწუხდა ქართული ოპოზიციის უმოქმედობით. კიდევ ერთი, რაზეც ოპოზიციამ უნდა იზრუნოს, ის არის, რომ ამომრჩეველს წინასთან შედარებით ამ საარჩევნო ციკლის განსხვავება გააგებინოს. ეს დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. როგორც წესი, ქართველი ამომრჩეველი ხელისუფლების შეცვლას მესიის გამოჩენას უკავშირებს, დღეს კი ასეთი ლიდერი არ ჩანს და საზოგადოებაც ნიჰილისტურად არის განწყობილი, ფიქრობს ­რა, რომ ეს წვრილ-წვრილი პარტიები ვერაფერს იზამენ და “ქართული ოცნება” მაინც გაიმარჯვებს. არადა, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია, საპარლამენტო მოდელი, გამორიცხავს მესიას.

რაც შეეხება “ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებულ ბიზნესმენებს, მათი ნაწილი უკვე იყო დეპუტატი და, ალბათ, როგორც მაჟორიტარებს, რაღაც ექნებათ საკუთარ სამაჟორიტარო რაიონებში გაკეთებული”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები