ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

​„მე მონაწილეობას მივიღებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში. მე აქ ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მივიღე, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლებია, გაჭირვებას განიცდიან, უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას, იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლებზე, არამედ მთლიანად, ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრაზე”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, 30 წლის წინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერით პოლიტიკაში მოვიდა, მოხერხდა კომუნისტური სისტემის დამარცხება.

“ჩვენ შევძელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ის წარმატება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ მაჩუქა მე და გამარჯვება, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მოვიპოვე, უკან დავუბრუნო ჩემს ქვეყანას, საბურთალოს მცხოვრებლებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის სახელით, საბურთალოს ოლქში კენჭს, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები