გიორგი ვოლსკი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილეს. ყურადღება გაამახვილეს ოკუპაციის საკითხებზე, იქ არსებულ ვითარებასა და კავკასიის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე.

შეხვედრაზე ასევე მსოფლიოში COVID-19 – ის კუთხით არსებული ვითარების განხილვა მოხდა. დიპლომატმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

შეხვედრისას მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

ელჩმა კმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და შეცვლილი საარჩევნო სისტემის გამო და იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტით ჩატარდება, რაც საქართველოს, რეალურად, ახასიათებს.

მხარეები ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„ჰელენ სანდ ანდრესენი ნორვეგიის პირველი ელჩია რეზიდენციით საქართველოში, რომელიც საგანგებო ყურადღებას მიაქცევს სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, პარლამენტთან. შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და იქნება ინტენსიური. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი საგანგებო ინტერესის საგანს ადამიანის უფლებები და სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესი წარმოადგენს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები