სასწრაფოდ: დავით კეზერაშვილს 6 თვე ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

საფრანგეთის ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი გირაოს გარეშე გაათავისუფლა, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, დავით კეზერაშვილს გარკვეული იძულებითი ღონისძიებები დაუწესდა – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ განუცხადა. მისი თქმით, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება 6 თვის განმავლობაში ეკრძალება და მას ხელზე მუდმივად უნდა ეკეთოს ელექტრონული სამაჯური.
„ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილს არ აქვს უფლება, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რომელიც კონკრეტულად განესაზღვრა სააპელაციო სასამართლოში. მას საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვების უფლება მხოლოდ გარკვეულ დროს აქვს, რა დროც სასამართლოს მიერ განისაზღვრა. საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება მას 6 თვის ვადით აეკრძალა. უნდა ჩააბაროს პასპორტი. მუდმივად უნდა ატაროს ელექტრონული სამაჯური და ამ ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად დღეიდან განსაზღვრულია 6 თვე. 6 თვის შემდეგ დაუბრუნდება თუ არა სასამართლო ამ საკითხს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“, – აღნიშნა ირაკლი დონდოლაძემ.
მისი თქმით, დავით კეზერაშვილს გირაო არ გადაუხდია.
შეგახსენებთ, რომ ექს-ან პროვანსის სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაათავისუფლა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პატიმრობის საკითხზე ფრანგული სასამართლო დღეს მსჯელობდა. ყოფილი მინისტრის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგული სასამართლო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს გამოიტანს, კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: რიყისა და “ტელეიმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები