“ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კმ-ის რადიუსითაა დაშორებული და ეს მიმართულება იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ეს მიმართულება იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული.
„დილას, დაახლოებით, 10 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან. დაახლოებით, 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის “ჭკვიანი” კამერების ლოკაციაზე, სადაც კამერების დათვალიერების დროს ჩანს, რომ ის ავტომობილს მართავს თავად. როგორც წესი, პოლიცია მნიშვნელოვან როლს ანიჭებს, პირველ ეტაპზე, ოჯახის პოზიციებს და ძიების დროს არ არის განსაკუთრებულად გამოკვეთილი შესაძლო გარდაცვალების ვერსიები, ამიტომ, ასეთ დროს ნებისმიერი სხვა ვერსია იხილება. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან დღევანდელ დღემდე ოჯახის ჩართულობა არის ძალიან აქტიური. გამოძიების მიერ მოხდა აღმოჩენილი საეჭვო მარშრუტის, გადაადგილების ლოკაციის დეტალური შესწავლა. გამოიკითხა ათეულობით ადამიანი. ზოგიერთი ადამიანი ფლობდა ინფორმაციას შესაძლო დანახული მანქანის შესახებ. ზუსტად ვერ აფიქსირებდნენ ამ ავტომანქანის შემდგომ გადაადგილებას. ადგილი, კამერებზე, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა, ხაიშში შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ამ მიმართულებაზე იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული. ეს არ იყო ერთჯერადი გზა, სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ამ ავტომანქანას. როგორც მოგახსენეთ, გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომლებიც სიმაღლიდან აფიქსირებს და ცდილობს, სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინოს ავტომანქანა, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირების ლოკაცია იყო სხვა, სხვა არეალში, ამ კუთხით ვერ მოხერხდა იმ დღეებში ზუსტად ამ მანქანის პოვნა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.