დავით ზალკალიანმა ავსტრიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და წარმატებები უსურვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკაზე, რომელიც წარმატებით ვითარდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საუბრისას აღინიშნა ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისში გამართული ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალი. მინისტრმა და ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობების მაგალითად განსაკუთრებით გამოყვეს ავსტრიული პაციფისტის ბერტა ფონ ზუტნერის მემკვიდრეობას და ხაზი გაუსვეს მის განსაკუთრებულ როლს ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ განმტკიცებაში.
არად ბენკომ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მათი კიდევ უფრო გააქტიურების სხვადასხვა გზებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, საუბარი, ასევე, შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოსა და ავსტრიაში. ავსტრიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა, როგორც ეფექტური და წარმატებული.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.