ია მეტრეველი ბუტა რობაქიძის საქმეზე: ვერ აიცილებს ამას ოქრუაშვილი, “პოლიტიკურს” ვერ დაარქმევს, ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ მაშინ შს მინისტრი იყო

“ეს ახალი ეტაპი არ არის ჩემთვის იმიტომ, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვდით ოქრუაშვილის მიმართ პასუხისგებას”, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი ბუტა რობაქიძის საქმეზე პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, შს ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, რომელიც დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ოქრუაშვილი პროცესის პოლიტიზებას ახდენს, რათა პასუხისმგებლობა აიცილოს.

„ოქრუაშვილი რას ამბობს, ეს ჩემთვის არ არის დიდად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, როგორც აწყობთ, ახლა ყველაფერის პოლიტიზებას ახდენენ, რომ როგორღაც დანაშაულები აიცილონ. ახალი ეტაპი არ არის ეს ჩემთვის იმიტომ, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვდით ოქრუაშვილის მიმართ პასუხისგებას, ვინაიდან ის იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი. ყოვლად დაუშვებელია, ის არ ყოფილიყო საქმის კურსში. 19 წლის უდანაშაულო ბავშვს სიცოცხლე წაართვეს, ეს არ აკმარეს და “ბანდიტად” გამოაცხადეს. დანარჩენ ბავშვებს, რომლებიც 19-20 წლისანი იყვნენ, დააბრალეს ბანდიტობა, მიზიდეს იმდენი აირაღი, საშინლად ექცეოდნენ მათ იმ ღამეს, სასტიკად სცემდნენ. საშინელი ამინდი იყო, გრიგალი, ბავშვები ძირს ეყარნენ, წიხლებით ურტყამდნენ. თუ სადმე პოლიციელი და რაიმე სტრუქტურა არსებობდა, ყველა იყო იმ ღამეს იქ მისული იმის გამო, რომ რაც გააკეთესზ როგორღაც გადაეფარათ. სიტყვა-სიტყვით აქვთ ნათქვამი ეს სააკაშვილსა და ოქრუაშვილს – პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო და როგორღაც ყველაფერი ისე უნდა ჩაეფარცხათ, რომ საზოგადოებისთვის მიეწვდინათ აბსოლუტურად სხვა რაღაც, რომ ესენი იყვნენ ბანდიტები. ეს იყო მათი სიტყვები – პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს, დანარჩენი გააკეთეთ, რაც გინდათო. გადაწყვეტილება სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთობლივად მიიღეს. ოქრუაშვილი თავს იმართლებდა ასეთი აბსურდით: მე მაშინ მალევე გადავდიოდი თავდაცვის სამინისტროში, არ ვიცოდი, რა მოხდაო. რა სისულელეს ამბობს, წარმოიდგინეთ, ე.ი. ქვეყანა მიტოვებული ჰქონდა? არ აინტერესებდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, რაკი სხვაგან გადადიოდა?
ეს სიმართლე, როგორც ვიცი, დაადასტურა ბატონმა დონაძემ, რომელიც ახლა თავისუფლებაზეა სწორედ იმის სანაცვლოდ, რომ ითანამშრომლა და ამხილა ოქრუაშვილი, როგორც ჩემთვისაა ცნობილი. მიქაძეც ადასტურებს ოქრუაშვილის ბრალეულობას. ასე რომ, ვერ აიცილებს ამას ოქრუაშვილი და “პოლიტიკურს” ვერ დაარქმევს, ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ მაშინ მინისტრი იყო“, – განაცხადა მეტრეველმა.

ია მეტრეველის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ოქრუაშვილი სიმართლეს იტყოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

„ერთი დეტალი მინდა, აღვნიშნო: როცა ოქრუაშვილს სააკაშვილი სასტიკად მოექცა, მე მას თანავუგრძნობდი, ადამიანურად ძალიან შემეცოდა, როცა დევნილობაში იყო, საშინელება გადაიტანა სააკაშვილისგან. როცა საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, ხელისუფლება რომ შეიცვალა, მაშინ ვიყავი პოლიტპატიმრების კომისიის წევრი და ჩემი ნებართვის გარეშე  თბილისში ვერ ჩამოუშვებდნენ. მე დავთანხმდი ამაზე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მას გაცნობიერებული, მონანიებული ჰქონდა ის, რაც ჩაიდინა. ვიფიქრე, ყველაფერს, სიმართლეს იტყოდა. მაგრამ სიმართლე კი არა, საერთოდ აიცილა ყველაფერი. ბოლოს რაც გააკეთა, ის – რომ სააკაშვილთან ერთად დადგა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. სახე გამოაჩინა. ისევ ერთნი არიან. „ ნაციონალები“, რაც  უნდა ცალკე გავიდნენ და გაიყვნენ , ჩემთვის ერთნი არიან – „ნაციონალური“, კრიმინალური, ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც საქართველო საშინელ უბედურებაში ჩააგდო“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

“2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე.
ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები