ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გვინდა, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით სრულყოფილი პოზიცია გვქონდეს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ნახევარზე მეტი სახალხო დამცველის აპარატმა უკვე შეისწავლა, თუმცა ვერ გააკეთებს შეფასებებს, ვიდრე მასალებს ბოლომდე არ შეისწავლის.

ლომჯარიას თქმითვე, საქმის შესწავლის პარალელურად, სწავლობენ სხვა გარემოებებსაც, ასევე, ხვდებიან როგორც დაზარალებულებს, ისე – ბრალდებულებსაც.

„ყველანაირად ვსწავლობთ ყველა გარემოებას, პარალელურად, ახლადწარმოჩენილ,თუ გამოვლენილ გარემოებებს. გვინდა, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით გვქონდეს სრულყოფილი პოზიცია.

ჩვენებებშიც ჩანს გარკვეული არათანხვედრა, თუმცა ბოლომდე უნდა შევისწავლოთ გამოძიების მასალები იმისთვის, რომ ამის შესახებ შეფასება გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ პარალელურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავინახოთ ობიექტური სურათი საქმეში – არსებული მასალიდან რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეიძლებოდა, უკეთესად გაკეთებულიყო. მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით ყველა საკითხს. მე არ მინდა, გავაკეთო ჩემი პირველადი შეფასებები იმიტომ, რომ ვაგრძელებთ შეხვედრებს დაზარალებულებსა და და ბრალდებულებთან. შესაძლოა, ჩემმა წინასწარმა შეფასებებმა გავლენა იქონიოს გარკვეულ მტკიცებულებებზე თუ ჩვენებებზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები