სოჭში ზამთრის ოლიმპიადის დაწყებასთან დაკავშირებით მაწანწალა ძაღლებს ხოცავენ
სოჭში ძაღლებს ხოცავენ. მოახლოებულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით შინაური ცხოველების დახოცვის ბრძანება ხელისუფლებამ გასცა. როგორც ცხოველების დასახოცად დაქირავებული კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, ძაღლები ბიოლოგიური ნაგავია და ოლიმპიურ ქალაქში ჰაერს აბინძურებენ. ამიტომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ვიდრე იქ ტურისტები ჩავლენ, რაც შეიძლება მეტი მაწანწალა ძაღლი უნდა დაიხოცოს. ეს ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა დაადასტურა და ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები გააბრაზა.
“ABC News”-სთან საუბრის დროს კომპანია “Basia Services”-ის მფლობელმა ალექსეი სოროკინმა განაცხადა: „წარმოვიდგინოთ, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას მოთხილამურე გადმოხტა და ძაღლიც იქვეა. ეს შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ძაღლებისთვისაც. ტურისტებს ქუჩაში თავისუფლად სიარულის და ძაღლების გუნდის თავდასხმის არ უნდა ეშინოდეთ. მე სწორედ ამისთვის ვარ“. სოროკინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ძაღლებს ბიოლოგიური ნარჩენები უწოდა.