ტრამპმა პირბადის ტარებაზე აზრი შეიცვალა – ახლა ეს უკვე “პატრიოტიზმს” უდრის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირბადის ტარებაზე აზრი შეიცვალა. ახლა თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს პატრიოტიზმის გამოვლინებაა.
”ერთნი ვართ უხილავი ჩინური ვირუსის დამარცხების ძალისხმევაში. უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ძალიან პატრიოტულია პირბადის ტარება მაშინ, როდესაც სოციალურ დისტანცირებას ვერ ახერხებ. არავინ არის ჩემზე დიდი პატრიოტი, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი!”, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ “ტვიტს” ტრამპმა ფოტოსურათი დაურთო, რომელშიც “ნიღაბი” უკეთია.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან ტრამპის მრჩევლები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ, აეძულებინათ მისთვის პირბადის ტარება, რასაც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
გარდა ამისა, ტრამპმა თავისი მეტოქეს, ჯო ბაიდენს იმის გამო დასცინა, რომ მას ერთერთ ღონისძიებაზე პირბადე ეკეთა.