„ამ ორ დღეში დავწერთ რამდენიმე წერილს  და გამოვფენთ ემიგრანტთა ბაღში“

14-15 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართება „წერილების ფესტივალი“, რომელშიც 50 მწერალი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის სულისჩამდგმელია პოეტი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქე ლია ნაროუშვილი. მისი დიდი მონდომებით გაშენდა სოფელ დავითაინში ემიგრანტების ბაღი „ფესვებიც“
ბაღის გაშენების იდეა მას 2015 წელს, საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, გაუჩნდა.
ეს  იქნებოდა
პოეტების თავშეყრის ადგილი, კულტურის ცენტრი, ხელოვნების მოღვაწეების, მწერლების, მუსიკოსების შესაკრებად. მართლაც, იდეა  რეალობად იქცა და აგვისტოში სოფელი დავითიანი უკვე ელოდება ფესტივალის მონაწილე მწერლებს…
ფესტივალთან დაკავშირებით  ქალბატონ ლია ნაროუშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

 

– 2012 წელს საქართველოში პირველად ჩამოვედი 5 წლის მერე. ორჯერ ემიგრანტის გზის გავლამ სხვა სიყვარულით შემახედა სამშობლოსა და ადამიანებს.
დავბრუნდი და ზუგდიდში გამართულ საღამოზე მერის მოადგილემ გამოაცხადა, რომ ეს არის ზუგდიდში ინტელიგენციის დაბრუნების პირველი ნაბიჯიო.
ამ სიტყვის შემდეგ უარი ვთქვი თბილისში ცხოვრებაზე. დავტოვე ოჯახი თბილისში და შევუდექი ახალ გზას ემიგრანტთა ბაღ „ფესვებისაკენ“.
დიდი სურვილი გამიჩნდა, გამეშენებინა ისეთი ბაღი, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა დედამიწაზე…
2019 წელს  ბაღი გაიხსნა…  ვინ დარგო პირველი ნერგები?
პირველი ნერგები საპატრიარქოს ფონდმა „გაამწვანე საქართველოს“ დირექტორმა გიორგი სვანიძემ დარგო მრავალი ქართველის სახელზე.
ნერგები დარგეს ემიგრანტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან – ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, ნიდერლანდების სამეფოს, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, ბელორუსიის, უკრაინის, ნორსისტენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ასევე რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააშენა კოლხური ბზის ხეივანი. აქ მოდიან ბავშვები და ყველა ასაკის ადამიანები.
– როგორ დაიბადა „წერილების ფესტივალის“ იდეა?  რა იგეგმება 14-15 აგვისტოს?
– უფლის შთაგონებით გამოვაცხადე პროექტის  „ოცდამეერთე საუკუნე და ქართული მწერლობის“ ფარგლებში გაგვემართა „წერილების ფესტივალი“ (რადგან ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა და მოკლე ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებაზე გადავიდა სამყარო).
ფესტივალი ორდღიანია. მწერალთა ასაკიც განსაზღვრულია. 50 წლის ზევით ვიწვევთ ყველა მწერალს.
ჩვენ ამ ორ დღეში დავწერთ რამდენიმე წერილს  და გამოვფენთ ემიგრანტთა ბაღში. ეს წერილებია:
„რას ჩაუთქვამთ ღვთისშობლის კვართს“;
„ერთობლივი წერილი აფხაზეთს“, რომელსაც მდინარე ენგურის ტალღებით გავუგზავნით შავ ზღვას, რათა მოჰფინოს აფხაზეთის ზღვის ნაპირზე და უთხრას აფხაზებს: „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, „ჩვენ თქვენ გვენატრებით“.

ასევე ზუგდიდის პირველ სკოლაში შეხვედრა ვუწყობთ მოწვეულ სტუმრებს და სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო გოგინავა მოგვცემს სტიმულს, წერილი მივწეროთ ჩვენს ბავშვობას და ვიმოგზაუროთ წარსულში.
ფესტივალის მეორე დღეს ვეწვევით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მუზეუმს სოფელ ხიბულაში, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. აქაც ერთი წერილის დაწერის საბაბი შეგვექმნება საქართველოს მწერლებს, დაბოლოს, ემიგრანტთა ბაღში ორ წერილს დავწერთ:
„წერილები აფხაზეთს“;
„წერილები ემიგრანტთა ბაღს“.

ყველა წერილი გამოიფინება ემიგრანტთა ბაღ „ფესვებში“.
ამ ბაღში გაიხსნება საზეიმოდ: ქართველ მწერალთა ხეივანი; აფხაზეთის ბილიკები;

გაიხსნება ბიბლიოთეკა. ეს წერილები ამ ბიბლიოთეკაში დაიდებენ ბინას.
ამ დიდი საქმის ორგანიზაციულ საქმეებში აქტიურად არიან ჩართული: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სსიპ გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“;
მხარში გვიდგანან: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი რუსლან აბაშიძე, ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში და ფონდის დიასპორების „ალიანსი საქართველოსთვის“ დირექტორი – თიკა სვანიძე; საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ დირექტორი, ბატონი გიორგი სვანიძე.
წერილების ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან:
„American friends of Georgia Veterans”(AFGV); „საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრები“ (სვამ); საქართველოს მწერალთა კავშირი.
მადლობა ბათუმში მდებარე რესტორან BK -ის და სასტუმროების ქსელს ზუგდიდში.
ჩემი საქმიანობა და მეგობრები ჩემი მუზის წყაროა. მალე გამოვა ჩემი ახალი კრებული და პარალელურად გამოვცემთ წიგნს ემიგრანტთა ბაღის ბინადრებზე.
– ორდღიანი ფესტივალის შემდეგ, სამომავლოდ, კიდევ რას გეგმავთ ემიგრანტთა ბაღში? ალბათ სხვა ხელოვანების ბილიკებიც გაიხსნება, თუნდაც მუსიკოსებისმხატვრების
– ყოველ ზაფხულს ჩატარდება სხვადასხვა ფესტივალი. მომავალ წელს ამ ბაღის სტუმრები ემიგრანტი მხატვრები იქნებიან. ისინი 10 დღე იცხოვრებენ ამ ბაღში და აქ შექმნილ ნამუშევრებს სამახსოვროდ დაუტოვებენ ბაღს. ბაღში ერთი ნამუშევარი აფხაზეთიდან დევნილმა და ამსტერდამში მოღვაწე მხატვარმა გიორგი შენგელიამ უსახსოვრა. სკულპტურა „ხე ზეთისხილისა“ თავს იწონებს „ფესვებში“ თავისი პირველობით.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები