მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარებზე, პრაქტიკულად, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება

“ძალიან ბევრ, ახალგაზრდა და ნიჭიერ სახეს შევხვდით, არის ძალიან კარგი პოტენციალი, რომ მათ შეავსონ და გადაახალისონ ჩვენი რიგები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მიღებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეეძლო, შტაბის ხელმძღვანელობა ჩაებარებინა, ირაკლი კობახიძე ამ მსჯელობის დროს უალტერნატივო აღმოჩნდა. მისი გამოცდილება და მენეჯმენტი დაგვეხმარება ჩვენ, ყველას,  რომ გამარჯვება, რომელიც გარდაუვალია, კარგად, სწორად გავაფორმოთ და ჩვენ უნდა ჩავატაროთ 31 ოქტომბერს იმდენად დემოკრატიული არჩევნები, რომ კითხვის ნიშნები ნაკლები იყოს. კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, მაინც გაჩნდება, მაგრამ მთავარია, ამას საფუძველი არ ჰქონდეს. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის კვლავ პარლამენტის თავმჯდომარედ განხილვას – ის არის პარლამენტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. ხედავთ, რამდენად სწორად უძღვება პროცესს. მას ძალიან კარგად გამოსდის, რომ იყოს გარკვეულ შემთხვევაში ნეიტრალური სპიკერი. გუშინ, მაგალითად, იყო შემთხვევა, რომ მოუნდა, ქვევით ყოფილიყო და არა იმ ადგილას, სადაც იყო, ოპონენტისთვის ღირსეული პასუხი რომ გაეცა. ძალიან კარგად გამოსდის მას პარლამენტის თავმჯდომარის როლის შესრულება. მომავალ პარლამენტშიც მას, ბუნებრივია, ღირსეული ადგილი ექნება დაკავებული. წინასწარ რაიმე შეთანხმება არაა, მაგრამ მონახაზები, რა თქმა უნდა, არსებობს. მაჟორიტარებზე ჩვენ, პრაქტიკულად, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება. პროპორციულ სიას რაც შეეხება, მოვთელეთ კონსულტაციებით ეს საკითხი. ძალიან ბევრ, ახალგაზრდა, ახალ და ნიჭიერ სახეს შევხვდით, არის ძალიან კარგი პოტენციალი, რომ მათ შეავსონ და გადაახალისონ ჩვენი რიგები”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები