“მნიშვნელოვანია, რომ, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი საწარმოები იხსნება, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს”
პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით შექმნილ, სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმოში, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა, 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ინვესტიცია თურქულმა კომპანიამ, Koç Kablo-მ განახორციელა. უწყების ინფორმაციით, საწარმო მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს.
„ახალი საწარმო ძალიან მაღალტექნოლოგიური და კონკურენტულია და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. საწარმო შეიქმნა პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით და მიუხედავად იმისა, რომ ახლადგახსნილია, ამ ეტაპზე, უკვე ასაქმებს 100 ადამიანს და მომავალში ამ მაჩვენებელს, პრაქტიკულად, გააორმაგებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რომელსაც თურქეთის ერთერთი ძლიერი და გამოცდილი კომპანია ახორციელებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ახლავს პანდემიას, იქმნება ასეთი ახალი საწარმოები, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისათვის, კომპანიას 2018 წლის თებერვალში პროგრამით – „აწარმოე საქართველოში” 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე. საწარმო, ძირითადად, პროდუქტს აწარმოებს საექსპორტო ბაზრებისთვის. ამჟამად, კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა ბურკინა-ფასოდან და განადან, ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთსა და ყურის ქვეყნებთან.
საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს. მისი საწარმო სიმძლავრე წლის განმავლობაში 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება, რაც ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებითი ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში.
საწარმოს გახსნაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი – მიხეილ ხიდურელი, საწარმოს გენერალური დირექტორი – ირაკლი ბრეგვაძე და სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები.