“კარგი შეგრძნებაა, როცა კლინიკიდან გამოჯანმრთელებული მიდიხარ” – “რეგიონული კვირის” ექსკლუზიური ინტერვიუ ქალთან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისის სამედიცინო კლინიკა „ლჯ და კომპანია” კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. შუახნის ქალი ​ კორონავირუსს, მეუღლესთან ერთად , 32 დღე ებრძოდა. პაციენტი კლინიკაში გადაყვანის დროს მძიმე იყო, მას კოვიდინფექციის გარდა, თანმხლები დაავადებები, მათ შორის ლეიკემია ჰქონდა გადატანილი. ამ ხნის განმავლობაში მისი მთავარი კითხვა იყო- „გადავრჩები“?!. თუმცა , ყველაფერი კარგად დასრულდა და დღეს ის უკვე კლინიკას ტოვებს.

როგორც მ.ნ. „რეგიონულ კვირას“ უყვება, მათი დაინფიცირება აზერბაიჯანში მოგზაურობას უკავშირდება. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ვირუსი ქუთაისის “ცხელების ცენტრში” დაუდასტურდა, რის შემდეგაც ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.

„მე და ჩემი მეუღლე აზერბაიჯანიდან დავბრუნდით, საზღვრის გადამოკვეთის შემდეგ მოვხვდით ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში, სადაც შვიდი – რვა დღის შემდეგ დაგვეწყო მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები“,– გვიყვება მ.ნ

32 დღიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტმა ვირუსი დაამარცხა. ლაბორატორიულ კვლევაზე მას ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა, მის მეუღლეს კი ვირუსზე ჯერ კიდევ დადებითი პასუხი აქვს, რის გამოც ის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება. გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან კვლავ საკარანტინე სივრცეში გადავა, ორი კვირის შემდეგ კი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა კლინიკიდან გამოჯანმრთელებული მიდიხარ. ახლა ჩემი მეუღლის გამოჯანმრთელებას დაველოდები და ალბათ ეს დღეც მალე დადგება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კლინიკის მთელ მედპერსონალს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად“,– ამბობს მ.ნ

ის საზოგადოების დამოკიდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი შეხედულება თუ შეიცვლება, ძალიან კარგი იქნება.

“ვფიქრობ, ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ჩვენს მიმართ მოქალაქეებს. ყველა იძახის თითქოსდა ვირუსი არ არსებობს, მაგრამ როდესაც იგებენ, რომ ინფიცირებული ხარ, რატომღაც  სხვანაირი შეხედულებები და დამოკიდებულება აქვთ. ინფიცირებულები კეთროვნები არ ვართ. დღეს, ავტომობილი ვერ ვნახე, რომ შინ დავბრუნდე. ეს დამოკიდებულება უფრო დამთრგუნველია ჩემთვის”,- სინანულით ამბობს გამოჯანმრთელებული ქალი.

ცნობისთვის, ქუთაისის სამედიცინო კლინიკა „ლჯ და კომპანიამ“ კოვიდინფიცირებული 52 პაციენტი მიიღო, 48 მათგანმა ვირუსი უკვე დაამარცხა. დღეის მდგომარეობით, კლინიკაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

ანუკა ლიპარიშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები