“ამ სეზონზე ფასები არ მოიმატებს” – შეკვეთილში გასართობი პარკი – “ციცინათელა” იხსნება

შეკვეთილში მდებარე გასართობი პარკი – “ციცინათელა”, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ერთი თვის დაგვიანებით იხსნება. პარკში ღია და დახურული ტიპის ატრაქციონებია.

როგორც “ციცინათელას” დირექტორი, ნინო ჩხაიძე “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, დახურული ტიპის ატრაქციონები, ჯერჯერობით, არ ამოქმედდება.

“ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ვიხსნებით, გაიხსნება ყველა ღია ტიპის ატრაქციონი, დახურულ სივრცეში მდებარე არცერთი ლოკაცია არ გაიხსნება. ოპერატორები აღჭურვილები იქნებიან დამცავი საშუალებებითა და სადეზინფექციო ხსნარებით, ყველაფერი გაკონტროლდება. ამ სეზონზე არ იქნება ფასები მომატებული, მით უმეტეს, არ მოემატება საოჯახო და საბავშვო ტიპის ატრაქციონებს. ფასი ორი ლარით მოემატა მხოლოდ ორ, შედარებით ექსტრემალურ ატრაქციონს. ისიც იმიტომ, რომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ორი ადამიანის ნაცვლად, ერთი განთავსდება. შედარებით ნაკლები იქნება დატვირთვა. უკვე რამდენიმე კვირაა, ფუნქციონირებს მინიატურების პარკი, რადგან ღია ცის ქვეშ არის და რეკრეაციულ ზონაშია, მინიატურების პარკში შესვლა დილის 10 საათიდან არის შესაძლებელი, გვიან ღამემდე. ფასი არ მომატებია, შესვლის საფასური კვლავ სამი ლარია. გვესმის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ცოტა მძიმეა და ვცდილობთ, მოსახლეობის მდგომარეობა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა ნინო ჩხაიძემ.

გასართობ პარკში – “ციცინათელა” შესვლა ხვალ, 15 ივლისის 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები