ლევან კობერიძე: მთავარია, მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშუროს, მოელაპარაკოს რომელიმე ავიაკომპანიას და დანიშნოს ჩარტერული რეისები, რომ სტუდენტებმა შეძლონ გერმანიაში დროულად ჩასვლა

“მთავარია, მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშუროს, მოელაპარაკოს რომელიმე ავიაკომპანიას და დანიშნოს ჩარტერული რეისები, რომ სტუდენტებმა შეძლონ გერმანიაში დროულად ჩასვლა”, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომელიც გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების ერთ ჯგუფს მათივე თხოვნით შეხვდა.

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იმ რამდენიმე ათას სტუდენტს წარმოადგენს, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ე. წ. 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და რომელიც ზაფხულის არდადეგებზე რეგულარულად მიემგზავრება გერმანიაში სამუშაოდ. იქ მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები აქვთ და დამსაქმებლებიც ელოდებიან.

“კოვიდ 19″-მა პრობლემა, ბუნებრივია, ამ ახალგაზრდებსაც შეუქმნა, ბევრ მათგანს გაუუქმდა წინასწარ ხელსაყრელ ფასად ნაყიდი ავიაბილეთები. როგორც შეხვედრაზე სტუდენტებმა განაცხადეს, ახლა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგულარული ფრენების აღდგენა, რათა დროულად შეძლონ გერმანიაში ჩასვლა. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სტუდენტებისათვის ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი და ამისათვის ისინი ხელისუფლებას – მთავრობასა და პარლამენტს თანადგომასა და დახმარებას სთხოვენ. სწორედ ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს პარლამენტის წევრთან შეხვედრაზე.

„ესენი არიან სტუდენტები, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ სწავლობენ საქართველოში, შესაბამისად, გერმანიაში მიდიან ფულის გამოსამუშავებლად და სეზონის განმავლობაში თითოეული მათგანი, ხარჯების გარდა, დაახლოებით, 2000-2500 ევროს გამოიმუშავებს, რომელიც ჩამოაქვთ საქართველოში და მას მოიხმარს ისევ საკუთარი სწავლების დასაფინანსებლად. ეს ახალგაზრდები პატიოსანი შრომით გამოიმუშავებენ თანხას, ბევრი მათგანი პროფილის მიხედვით მუშაობს, გამოცდილებასაც იღებს. რომ გადავთვალოთ, 4 ათასამდე სტუდენტია და მათი გამომუშავებული და საქართველოში მობილიზებული თანხა 10 მილიონ ევროს აღწევს. ჯერ ერთი, რომ ეს ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეორე – ახალგაზრდებს შემოსავლების მიღების საშუალება აქვს, მესამე ის, რომ უნივერსიტეტებში თავიანთ სწავლას თვითონ აფინანსებენ. ერთადერთი, დღეს რაც სჭირდებათ მათ, ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები გაიხსნა 5 ქვეყანასთან, მათ შორის –  გერმანიასთან, სადაც ისინი სამუშაოდ დადიან, არ არის დანიშნული გერმანიაში რეგულარული რეისი, არც დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიის რეისები, არც ჩარტერები და, შესაბამისად, დღეს  მოკლებულნი არიან საშუალებას, რომ ჩავიდნენ გერმანიაში”, – განაცხადა ლევან კობერიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მართალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ 2 აგვისტოდან „ლუფთანზა” –  დიდი ალბათობით – დაიწყებს ფრენას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისი ბილეთები არის ძვირი და ამ თანხების გადახდას სტუდენტები ვერ შეძლებენ.

„უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები არ ითხოვენ სუბსიდირებას. მზად არიან, ორივე მიმართულების ბილეთებში საკუთარი ფული წინასწარ გადაიხადონ  – დაახლოებით, 800 ლარის ოდენობით. ახლა მთავარია, მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშუროს, მოელაპარაკოს რომელიმე ავიაკომპანიას და დანიშნოს ჩარტერული რეისები და დროში რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, მით უკეთესი”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც პარლამენტის წევრმა განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მაქსიმალურად სწრაფი კოორდინაცია მოხდეს, რათა სტუდენტებს ეს პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში მოუგვარონ, პროცესებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის სურვილი კი თავადაც გამოთქვა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები